ყვავილების ბაზარი


ეწერა შუბლზე გოგოს ონავარს _
გაჟღენთილს ფრანგულ ოდეკოლონით:
«გონებით ღმერთის რჯულის მონა ვარ,
ხოლო სხეულით _ ცოდვის კანონის».

როგორ წააგავს ის წითელი ხე
ბავშვობას, თითქოს ახლაც ვხატავდე,
ამეკვიატა, დამდევს მთელი დღე
და ფერთან ერთად მისი ხმა დამდევს.

და ყვავილები ჩუქნის გამყიდველს
ამ ღვთაებრივ და უღრმეს პალიტრას,
ღიმილს მეწამულს, ხანაც ამ ყვითელს _
მოკრეფილს უფლის ნატერფალიდან.

ასე ერთად სად დავიგულებდი
ფერებს, რომლებიც ღმერთში განზავდა,
შემომყურებენ თაიგულები
და ბავშვებივით დგანან ბაზართან.

შემოდგომის სხივს ართავს ობობა,
იღვიძებს ტაბუ _ ძველი ტირანი,
ორი სურვილი და ორჭოფობა,
თან მოღიმარი და მოტირალი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი