წერილი შენთვის
ფესვი გაიდგი ჩემს დუმილში და მიმატოვე... ნუ გააღვიძებ მიწას, ეძინოს; ბალახივით ამოსულ სიზმარს მალე ფხიზელი წუთი მოცელავს. ზოგჯერ, ცხადშიც გაიელვებს ხილვის ფრაგმენტი, როცა ნესტოებს გამზეურებულ ქვეშაგების სუნი მოწვდება: ღია ფანჯარა და კოინდარი ამოსული დიდედაჩემის ზურმუხტის თვლიდან და ის ფარდაგი, მოაჯირზე რომ გადაფენდნენ და მთელი ქუჩა შემოჰყურებდა... დღემდე მიკვირს, როგორ შეეძლო მხიარულ ფარდაგს მოჟამულ დღის გახალისება და უნაბისფერ ინიციალში ჩაკარგულ უცნობს უსახელობა არ ანაღვლებდა, რადგან აქ იყო, ამ ფერებში და ფერებაში და აქ რომ იყო, არც კი იცოდა... აქ ყველა დრო მიდი-მოდის და კვალს ტოვებს მხოლოდ ჩვენში და სხვაგან არსად. უდროობა აღარაფერს ახლაც ირეკლავს და მომავალში იგულისხმება... ნუ გააღვიძებ მიწას, ეძინოს, აღარ უნდა მიწას მიწაზე სიარული, თავისთავის ტკეპნა მობეზრდა; სამოსელივით გაცვდა იგი და მიიწურა ზაფხულივით, ...თავს აფარებს მარჩენალ მიწას... ეძინოს მიწას, იძილღვიძილოს, ჩვენ მუდამ მიწის სიზმარ_ცხადს ვიმკით და უხალისოდ ვეძებთ სამოთხეს, რასაც მიაგნებს არქეოლოგი, მაგრამ სულიდან როგორ ამოთხრის?!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი