მეორე ელეგია


ხანდახან ლოცვაც გავიწყდება გამთენიისას,
როცა ჩიტების ხმები ისე გინაწილებენ,
რომ არაფერი რჩება შენგან, მხოლოდ გასუსვა,
მიყურადება და თან შიში: თუ გაუძელი,
გამგზავრებამდე დარჩენილ დროს, რეჟიმს ლოდინის,
როცა ცასავით გაიშლება ბოლო ფურცელი,
სადაც არასდროს არაფერი არ იწერება,
მხოლოდ კარნახი და ხსოვნიდან გუგულის ხმები,
იმეორებენ დროს პირვანდელს ასლის ასლები
და იქ, რატომღაც სულ ბავშვივით იგულისხმები.



შენ ყოველ წუთში მზად ხარ სხვაგან გასამგზავრებლად
და რასაც ხედავ, ისე იწოვ და იმახსოვრებ
თითქოს ხედავდე პირველად და უკანასკნელად,
კისერზე იბამ ზარებს, ეჟვნებს და ზანზალაკებს,
შენ შეეჩვიე გამუდმებით ზღვართან ხეტიალს,
შენი სიმუნჯე უსასრულოდ გალაპარაკებს,
რადგან რაც ვერ თქვი, ის ნათქვამზე ბევრად მეტია.


სალამი დაო, შენ ავად ხარ, არა სექტემბრით,
არც ამ ბაღების მოსალოდნელ შეფერადებით,
არც დღე-ღამეთა გამუდმებულ მორიგეობით,
არამედ ფიქრით, ფორიაქით, ფრენით ცალმხრივით,
გამჭვირვალეა ხელისგული, რომ აიფარე
თვალზე და სიტყვა გაგახსენდა შენი სახლივით,


სადაც შეაღწევ და ხმოვანში ჩაიკარგები,
როგორც პაუზა მარცვლებს შორის, რადგან დამარცვლით
გადის სიცოცხლე და იღვიძებს ვერაგი სენი -
ეკლესიასტე გასხვაფერებს, დროში გაუღლებს,
თვითონ მიხვდები, მე, ცხადია, ვერ აგიხსენი


იმ სიჩუმეში, როგორ ჩნდება შეხებასავით
ყოველი სიტყვა და პირთამდე როგორ ივსება
შენი სიცოცხლით და სამივე დროის ნაზავით,
წაიღიღინებ ნაწყვეტ-ნაწყვეტ მოტივს არსებულს,
შენივე გულში შემოპარულ ჭრიჭინასავით.


ან რას აგიხსნი. სიბნელეში ხელის ცეცებით
კარს ვერ პოულობ და თვალს ხუჭავ, სადაც ყოველთვის
ღიაა კარი, იხურება თვალის ახელით,
შენ იქ დარჩები და სინათლის იგრძნობ ნათებას,
როცა დუმილი ახალ სიტყვას ამოასხივებს,
და არც კი იცი, შენი კვდომით ვინ იბადება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი