ვიღაც ხელს მიწვდის


ვიქნები მარტო. დუმს ოთახი. ხელში დავითნი.
აღვიდგენ ლოცვას, სინანულის სარკმელს მას ვუღებ,
ვინც მოვა ჩუმად და გამომწვარ ჩემს
ძვლებს დაითვლის,
ყველა კითხვაზე მოხმობის დღეს
ვინც მიპასუხებს.

დროის შრიალი, დროის ფრთების არარსებულის,
ბრწყინვალე კვირის შვიდეული, ის შვიდი სარკე,
ანარეკლების ელვარებით გადავსებული
და გზა, თავისთვის მიმავალი სიმშვიდისაკენ.

ხასხასა ბალახს ვუერთდები და ცას ავხედავ,
გამაძლებინე, როგორც ბნელში ძლებდა სანთელი,
ვიღაც ხელს მიწვდის ჩამოქცეულ
სახლის თავხედან,
ისიც ჩემსავით აჩრდილი და ძვლებდასათვლელი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი