აგვისტო


ამ სერიალში აღარაა შენი ადგილი,
გამუდმებით რომ მეორდება დილის ათიდან
შუაღამემდე და ეს ყოფა ვინც განადიდა,
ტელევიზორთან ზის უაზროდ, ისე ყვინთაობს,
რომ მაგიდაზე, დამტვერილზე ტოვებს ნაკვალევს
ათივე თითის - უეცარი თვლემის გრაფიკას.
ფანჯარაში კი იმზირება მზე მოყვითალო
და იატაკზე შუქ-ჩრდილებად აფენს ნაფიქრალს.


შენი ადგილი აღარაა ამ სერიალში,
გაისეირნებ, გაექცევი ჩრდილში აგვისტოს.
მენაგვეები. უშოვიათ ამათ დაგვის დრო,
დღეებს მოხვეტენ და ცხოვრებას მოენატრება
წასვლა და იგი ვერსად წავა, ისევ მიცურავს
უმუშევარი ხეებისკენ, რომ გაფიცულან,
სადაც ფოთლები უყვითლდება ბაღს ნაადრევად.


ამ სერიალში აღარაა შენი ადგილი
და იქით მიხვალ, სადაც ახლაც ლუდის ბარია
მოგნატრებია ცივი ლუდის ძველი არია.
გული, რომელიც ზარხოშისგან დანასერია
მოგთხოვს ჭრილობის დაამებას თუ გაყუჩებას,
ძლივს სუნთქავ, იგრძნობ ნესტოების გალაყუჩებას
და ძილ-ბურანში ამონტაჟებ ახალ სერიალს.


შენშია ხსოვნა, სიცოცხლეზე მძლავრად მფეთქავი,
გამოპარული აჭედილი სახლის ფანჯრიდან,
ბედნიერი ხარ ნატვრის ხეთა ჭრელი ნაჭრითაც,
შენს უთენებელ ღამეში რომ ჩამოკონკილა,
როგორც დიადი სინანულის დაუცველობა
და ხის მერქანზე მოზოზინეს ჰგავს ლოკოკინას,
სანაპიროსკენ უნიათო შენი მსვლელობა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი