საღამო, პური, დოქით ღვინო და საუბარი..


საღამო, პური, დოქით ღვინო და საუბარი,
ეს ხმა სულია და მსმენელის სულში ვიბრირებს,
ობოლი ბავშვი შეთვალული ალუბალია
და ფანტასტიურ სამყაროში ფიქრით მიფრინავს.

მოედინება ღვინოსავით ჟამი დოქიდან
და წარსულიდან მომდინარე სუნთქავს აწმყოთი,
შენ უჩინარმა უხილავი ხელი მოგკიდა
და არაფერი დაგიტოვა გულდასაწყვეტი.

ფანჯრებს ობივით მოდებია ეს შებინდება
და ჩემი სახლი უსასრულო დროში მიცურავს,
დარჩი, ნუ წახვალ, მე უშენოდ შემეშინდება,
რადგან დაღამდა, ვინაიდან დღე მიიწურა.

გაუგებარი არის ჩემთვის შენი იგავი,
საოცარია, რად მიმტკიცებს იგი საფუძველს?!
და გევედრები: არ წახვიდე, ჩემთან იყავი,
შენ სიტყვა ბრძანე და შეშლილი დრო გადაფურცლე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი