ხმოვანი


მე გამახსენდი და მიგამსგავსე
ჩათვლემილ ღრუბელს-
ჩამავალ მზესთან,
მაგრამ შენ ქარი ვერსად წაგიღებს,
რადგან ჩემში ხარ,
რომ კიდევ ერთხელ
გადაეფარო თვალებს ლიბრივით
და სისავსიდან ამოაღწიო,
როგორც ხმოვანმა,
რომლის სათავე და დასასრული
მხოლოდ ჩვენშია.

მე ვერ გავიგე
და თუ მეტყვი, ჩუმად მოგისმენ -
რა სასწაული წურავს სიტყვის
არქაულ ფეთქვას,
და სისხლძარღვების
ერთობლივ გუგუნს,
რომ ის ხმოვნი ამოიმღეროს,
ყოველივეს რომ აღემატება.

ვინ, ვინ აგვასხა
იმ ხმოვნის ძაფზე
და ერთმანეთის ძებნით დაღლილნი,
კვლავ ერთმანეთში რატომ ჩაგვტოვა?!

ისევ ჩემში ხარ და ჩემს იქითაც
და ყოველივეს მიღმა და გასწვრივ,
იმ ღრუბელშიაც,
მზესთან რომ თვლემდა.

გზას ეძებ,
ჩემი თვალების ცაში
დასაბრუნებლად.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი