წერილი
პათეტიკური ჩემო, გიგლიუს, რა ტყუილად დაგაპატიმრეს, ცალი ხელ-ჯოხი, ცალი ფეხი, ცალი პროთეზი შეაჯლაყუნე ცივ საკანში. არ გაპატიეს ერთი გინება სიმთვრალეში და ჰიპოთეზის მარტივი აზრი, რომ ტყუილი უყვარს დახლიდარს, ფულში ტყუილი და ძაღლივით კუდის ქიცინი, რომ ახლა ღმერთი ყოველივეს ხედავას მაღლიდან, ათეისტურად და ბრიყვულად, როცა იცინით. ძლივს ჩაგიყვანეს პირგაცვეთილ, ბინძურ კიბეზე. როგორც გვიამბე, მიგათრევდა ვინმე ფეშვანგი, რა მშობლიურად თბილი იყო თურმე"კაპეზე", თვალჟანგიანი. უჟანგესი, ანუ ზეჟანგი. ჩამოაღწია ცამ მზერაში. რა მიმქრალია... ზურგსუკან შიში, შიშისაგან უნდა გახევდე, ზოგიერთები, ძვირფასები, ხომ იქ არიან, ცა ჩაიგუბე თვალებში და მერე ახედე წარმოდგენაში და შენ მიხვდი, ვერ აგასხიპეს იმედი, რითაც არსებობდი, რითაც იწყები, თუ კი დაგჭირდა მზეს თვითონვე ამოასხივებ და შენივე მზის მცხუნვარებას მიეფიცხები. რეაგირება ამ საკითხზე, ალბათ, დროზეა საჭირო, რადგან შეგიყვარდა შენი ტყუილი, იხსენებ გალას, როგორ მოწყდა ალბატროსივით და საუკუნეს ჩაუქროლა ფრთების შხუილით. არ არსებულა, ვერ იხსენებ ფიქრის ჩამრაზავს და შენს ცინიკურ გაღიმებას რა შეედრება, მაგრამ ცხადია, ვერ შეხედავ ხიფათს ამრეზით, მეტადრე მაშინ, შორი-ახლოს თუ კი ეთრევა. იხსენებ საფოს, ხან ეზოპეს, ხანაც ალკეოსს, გოგოზე ფიქრობ მშვენიერზე და მის კაბაზე, ქარი რომ არწევს, თითქოს ცდილობს გააცალკეოს... და მშვენიერი მასპინძელი არის "კაპეზე". მწყობრი ხმაური - საბჭოური გახსოვს მარშები, ვარდების სუნთქვა და სიგრილე ძველი ხეივნის?! უცნობის თვალი თუ თვალთვალი, ჩვენი ჩამშვები, შენი სიცილი სარკასტული და არხეინი. ახდა ოცნება. ვართ უზომოდ თავისუფლები და მახსენდება ის ლექსები ლესბოსელების, რომ გვიკითხავდი და გისმენდით ლამის უბრები და ღამეები უპოვართა შემმოსველები მოგვაზომებენ ხამის ქსოვილს, მოგვალამბავენ ახალ ბლუზებს და ახალ შარვლებს და სიკაპასე გაუვლის დობილს, რომ გაიგო შენი ამბავი და გადაბმულად ექაჩება ნაპასს ნაპასზე. პონტო. ტყეები სახომალდე. ვკითხავ კატულუსს: ტყე მასალაა ხომალდების, ლექსი იმედის, ხომ შეიძლება კაცმა თავი მოიკატუნოს და ბედნიერი იყოს ახალ ექსპერიმენტით?! ჯდება სიზმარი ტრამვაიში, ადის ვერისკენ, უნივერსიტეტს მიადგება სავსე ვაგონი, უმჯობესია მღვიძებოდა, არ გამერისკა, არ ავყოლოდი ყურმოკრულ და სადღაც გაგონილ სიტყვას, ასე რომ მაღელვებს და მაფორიაქებს, ფორიაქია ეს ფუსფუსი, ეს მსახურება, რომ თვალებს ჩემსას, ამოჭყეტილ ამ ორ იაქეს, მოენატრება დახუჭვა და შენსკენ ყურება. საბურთალოზე განისვენებთ შენ და იურა, სოსოც იქვეა, დარჩენილა სოფლად თევდორე, გიგზავნით წერილს, და ცხადია, ვერ ვიუარებ, ვარ თქვენი დროის და ამ დღეთა თანამედროვე. გუშინ შევსრულდი, ჰო, რატომღაც, სამოცდასამის, გთხოვ პატიებას სიბრაზისთვის, დილანდელისთვის, რაღაც ვიგრძენი, გულზე ხავსის ამოსვლასავით, როცა იბანდა ხელს და სინდისს პილატელისტი. ვარ ამ ვარდებით, იდილიით, დილით, დილემით და რა თქმა უნდა, ჩემი ლექსით კმაყოფილ ვორდით, ვათავისუფლებ ამ სტრიქონებს, ვაჭერ delete-ს და ბედნიერად ვიღიმები, როგორც ბილბორდი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი