დღიურის ფურცელი


რაღა აზრი აქვს?! ჩვენი ჩურჩული
სულ მარცვალ-მარცვალ დაიჩურჩება
და ისევ ცაში ჩაითესება,
ჩვენი სიჩუმე, იქ, რომ ამრავლოს,
სადაც ვერავინ ვეღარ მოგვისმენს
და აღარავინ არის საბრალო.

ალოობაა ცაში ყანების,
ჩვენი ჩურჩული ციდან ჩამოდის
ჩვეულ ჩქამებად, ჩამქრალ ღრუბლებად
და დრო გულგრილი მუდამ მზად არი
ჩვენი სიჩუმის დასაუფლებლად.

ვიღაც, მეზობლად ხარშავს მურაბას,
ფანჯრებში შინდის სუნთქვით ამოდის -
ვინც მე მიყვარდა და შემახსენე
დღეო, თვალწინ რომ გასაღამოვდი.

მე თავს ვიქცევდი წუთით ყოველით,
და ვერთობოდი როგორც ხვითოთი
და არ მეგონა, გულის სიღრმიდან
თუ ბალახივით ამოხვიდოდი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი