პაროლი


აი, სინათლე, იგი ქრება თანდათანობით,
მე მასთან ერთად და ბოლომდი ვიდრე ჩავქრები,
ამ სიმუნჯიდან სიტყვები მაქვს ამოსაკრები,
ვიდრე ხმაურმა არ წაშალა და არ მომპარა.
გასუსული ვარ და აღსავსე, როგორც დომფალა
დუმილის სუნთქვით და გაღწევას ვნატრობ გარსიდან,
ვფეთქავ უპულსოდ, პულსი სიტყვას თუ ესინჯება,
მე უკვე აღარ. აღარც მინდა გადავუშალო
გული არავის. ფიქრში ვცდილობ დამესიჯებას.

ცრუ მეტაფორა. რიოშია, აღარ ვენდობი
და ცის ფურცელი მყოფნის ახლა და ეს ფერდობი,
ფანჯრიდან რომ ჩანს, ჩემთან ერთად და უჩემოდაც
რომ გამოჩნდება, ჩვენს სახეებს არ იმახსოვრებს,
ჩვენ კი აღარ ვართ, არ ვიყავით, აღარც ვიქნებით,
ჩვენ საბოლოოდ, იმ ერთ სიტყვად ჩამოვიქნებით,
რომელიც იყო, ახლაც მყოფობს, მარად იქნება,
ვიგულისხმებით ჩვენ ცვალებად პარადიგმებად
იმ სერიების და მწკრივების, ანუ უღლების,
დაუსრულებლად რომ გრძელდება დასაბამიდან,
მარად უცვლელი, ცვალებადი და ხელუხლები.

აი, სინათლე, გუბურებში ისე ერთობა,
როგორც თვალებში, ურიცხვია და ვინ დაითვლის
მრავალენოვან სიტყვის ფუსფუსს და მის კავშირებს
ზმნასთან, გულებთან, მაჯისცემა რომ გაახშირა
ბგერათა რხევამ, მინიშნებამ, მოულოდნელმა
სიტყვამ, რომელიც ჩვენშია და თავის სახლშია?!

როცა გულისხმა აღმოხდება ღამის ტკივილებს,
ბნელი ჭრილობის უნებლიე ამომკემსავი,
შუაღამისას, ბევრი ფიქრობს, ალბათ, ჩემსავით
რომ არ თენდება, არ თენდება. ნეტავ, გათენდეს!
ამ ხმით, არც ღამის მღვიმეები ამოივსება
და ამ ღმუილსაც ვეღარავინ დააპატენტებს.

შენ ისევ სხვაგან, იქით, სადაც ში-თანდებული
წყდება სექტემბერს და შრიალით დაბლა ეშვება,
შენში ჩამქრალა უძილობით გაზანტებული
ღამეთა ცეცხლი, დაისვენე ძველო ფიტულო,
ჩიტის გალობა პაროლია და ორკესტრები
სინათლის კარნახს ასრულებენ უპარტიტუროდ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი