შეხვედრამდე
ჩვენ, თავშექცევით არსებულნი, როგორც დღე-ღამე, ვხვდებით ერთმანეთს გარიჟრაჟზე და საღამოხანს, წახვალ და ვიცი, დათქმულ დრომდე, რომ აღარ მოხვალ, მეც შეხვედრამდე მოუთმენლად დაგელოდები. ქშინავს ქალაქი გახვითქული და მოქირქილე ქარი თავს იქცევს გორაკების გამელოტებით. არ ვიმეორებთ. იმ სიტყვების გამეორებით რა შეიცვლება? არაფერი. აღარასოდეს. შენ მოგინდება ჟამი-ჟამად რომ კალმასობდე, აქო ანბანი, ითამაშო და ხალისობდე, აღმოაჩინე, დაგრჩენია ორი სიმბოლო- ორი ნიშანი. ვერ მიაღწევ ახალ ასომდე. და ეს ცხოვრება საათივით მოწიკწიკეა, და ფეხაკრეფით შემოვუვლით ზეცის ციფერბლატს, იგივე წუთი წამოგვცდება, რომ ჩაიფერფლა, როგორც ეს მთვარე, ჩაბჟუტილი ცის აბაჟური. კლასიკური და უცვლელია ჩვენი შეხვედრა და არაფერი ურევია ეპატაჟური. და ჩვენ ვარსებობთ მონატრებულ სიახლოვეთა თანდათან დნობით და ორივე ნახევარსფერო გადაივსება შენი შუქით, მზევ, ათასფერო, ჩაბნელებული მღვიმეები და კულისები და გადის ჟამი, შეყვარებულ დღე-ღამეების სუნთქვის სიხშირით, როგორც იყო ნაგულისხმევი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი