პირველი ელეგია


მე გამახსენდა, შენ მიამბობდი,
რომ რუთის ხელით
ხორბლის მარცვლის შემგროვებელი,
ღმერთი ყოფილა,
რადგან სხვაგვარად ვერ იხილავდი,
მათ ყოველდღიურ აღმოცენებას
გულის სიღრმიდან, ჟამნის კითხვისას.

ეს მაშინ მოხდა, როცა აგვისტოს სექტემბრისკენ გადადინება
თანდათანობით, ჩუმად მავსებდა და გავიფიქრე,
რომ შემოდგომამ თავშესაფარი ჰპოვა ჩემში
და ჩემს გარეთაც, სადაც განვივრცე,
როცა შენ, თურმე, გაიგონე იმათი სუნთქვა
და შეგრძნებათა ჰაერის ჩქამი,
რომლის ექო ჩვენი სუნთქვაა.

ჩიტები არ ვართ და სიტყვების მარცვლებიც გვყოფნის,
მუდამ რომ ვკენკავთ და ხსოვნათა დარბაზებს ვავსებთ,
შთაბეჭდილებებს იქ ვინახავთ და ამ ქალაქის
დეკორაციებს გადაღებილს და მათ სიგლუვეს
ვშორდებით ისევ, ვუბრუნდებით გადავიწყებულ
საუკუნეებს, რომ გვეგონა გამოვიგლოვეთ.

საკურთხის სუფრა, თვალზე ბინდის ჩამოფარება
და სადღაციდან მოღწეული მტრედის ღუღუნი,
მუდმივი მკვიდრის, ყველა დროის და საუკუნის,
შეუწყვეტელი დინებების უცვლელ მოტივის
გამეორება. სინზე ხილი, დღემდე მოღწეულ
შემოდგომების სევდიანი ნატურმორტივით.

ეს, მაშინ იყო,
როცა აგვისტომ სექტემბერში გადააღწია
ჩვენი სუნთქვით და გულისცემის არითმიებით
და ძველი სარკე ირეკლავდა ერთად ათას სხივს
და ჩვენს თვალებსაც, მოლოდინით გადავსებულებს,
დღე მთავრდებოდა ჩამავალ მზის სისხლის გადასხმით.

ეს იგავია და იგავის ძველი მკვიდრები
ისევ იგივეს ვიმეორებთ, ვცდილობთ გართობით
დროის გაყვანას და ნუგეშიც არის იგივე,
ყველას ზეცაში მოუნიშნავს თავის ფართობი.

და ბავშვის მზერა გადაურბენს ნაკადულივით
ჩვენი სიტყვების ხავსიან ქვებს და უძრაობას
აბალახებულს, უბგერებელ ხმით ამოქოლილს,
შენ მიამბობდი და რატომღაც ეს შემოდგომა,
დღეს სიტყვა-სიტყვით მიმეორებს ადრე მოყოლილს.

აბა, რა ვიცი, მერამდენე დღე შემომაცვდა,
ან რამდენი ხმა ეხეტება ცის უდაბნოში,
იმეორებენ ნაწყვეტ-ნაწყვეტ ზემოთ ამ ამბავს,
მე აქ ვიხსენებ, შეღამება გვიცვლის სამოსელს,
და ყველას ერთად ბინდის ქსოვილს შემოგვალამბავს.

და ფოთოლ - ფოთოლ ცის ჩამოსვლა, არის ნიშანი,
რომ ახლოვდება ის ღრუბელი, ჩვენ რომ შეგვიწოვს
ყველას, თანდათან, გაგვაშიშვლებს, როგორც ბაბილოს -
ფანჯრების წინ რომ გაწოლილა გოდოლთან ახლოს
და სინანულით გაიფიქრებ: ვაი, ბაბილონს!

მაშინებს შენი შეკითხვები. საფეხურები
აღარც მაღლა და აღარც დაბლა მიემართება,
ვერ გავაღწიეთ, არ შეიხსნა ცამ ურდულები
და ჩვენ, ქალაქელ ბეღურებსაც, შებინდებისას,
იგივე ფიქრი წამოგვცდება წაჟღურტულებით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი