წუთი გრძელდება


ხელის გაწვდენაც არ მჭირდება 
ისე ჩემთან ხარ
და ზოგჯერ, 
როცა მიმივიწყებ და თავს მახსენებ,
ეს გული ლამის გამელია, 
მე დაგეთანხმე,
რომ შენით ვსუნთქავ 
და შენს ძებნას ვერ დავეხსენი.
დადგა ივნისი, 
ცაცხვის სუნი ჰაერს ამჩატებს
და სველ სილაში აგრძელებენ თამაშს ბავშები,
მე ვნატრობ ზოგჯერ 
აქ რომ იყო, თუნდაც არ ჩანდე
და გიგრძნო სიტყვით, 
მზის ამოსვლით, შენში ჩაშვებით.
თვალი შეავლე, 
შეეთვალა ლოყა ალუბალს
და ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვები თუ მივდევ თიბათვეს,
ან რა მაუწყა ჩიტმა, 
წეღან რომ იგალობა,
ვინც გაიგონა სიხარული დარჩა იმათვე.
რაც არ მთავრდება 
ვეღარავინ ვერ დაასრულებს,
მშვენიერია ყველა წუთი,
როცა ხელახლა 
თავს გაგრძნობინებს _
სიყვარულით ხარ დაისრული 
და შეგიძლია შეგრძნებების სიტყვით შენახვა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი