ყოველი ჩქამი ჩქარობს, შენამდე მოაღწიოს..


ყოველი ჩქამი ჩქარობს, შენამდე მოაღწიოს
და რამედ იქცეს _
ღიმილად, პირჯვრად, ხსოვნის ელდებად,
რაც ირგვლივ არის, შენში გრძელდება
და თავს აფარებს სიტყვების სივრცეს.


შენი ნათქვამი დაორთქლავს ლამპას,
რასაც მიამბობ ხომ ორთქლი არი,
შენს უმწეობას ბგერებით ლამბავ,
ბაგეებიდან რომ მოთქრიალებს.


დამძიმებული წყვდიადის სისხლით
წყდება ვარსკვლავი, როგორც წურბელა,
გსურს დაემალო და ვეღარ ისხლეტ
ქარს, მომავლიდან რომ დაუბერა.


ნაცნობი შიში უეცრად წასვლის,
წლები მოყრილი გულზე ბელტებად,
მხოლოდ ექოა ან იქნებ ასლი
დროის, რომელიც თვალწინ ბერდება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი