დახარე, დახარე თვალები..


დახარე, დახარე თვალები,
ჩაძირე სიტყვაში, უცნობს რომ ჩაესმის,
ვის აინტერესებს, აბა, დეტალები
დილის ტუალეტის და ღამის ჩაის სმის.

მას ისე ენატრება შენი ჩაფიქრება,
სადაც თვითონ არის და კიდევ შენა ხარ.
ვერ ვხედავ, იქნებ ნომერი ამიკრიფო,
თუ არ წამეშალა, არ ვიცი შენახვა.

შენს მარტოობაში ქალაქს შემომდინარს,
როგორც სხვა ცხოვრებას ხსოვნაში ჩაიტან,
ჩატოვებ, ბავშვივით თუ არ შემოგტირა
და ისე გაქრები, ორთქლი რომ ჩაიდანს

ასდის და ოთახის ჰაერში გაქრება
და ფანჯრებს მოსაწყენ ცხოვრებას უგმანავ
და ვისაც ხატავენ ბავშვები ფანქრებით,
ის შენთან შემოდის და ლანდი თუ კმარა

თვალისთვის, სიტყვასაც რომ ამჩნევს ბაგეზე,
თვალებშიც და ჩასცქერ საკუთარ სიღრმეებს
და მიზეზს პოულობ, ისევ რომ გაქეზებს
და ხვდები, ქვეყანაც შენსავით იმღვრევა.

კედლიდან კედლამდი ნაბიჯებს გადათვლი,
ამრავლებ, უმატებ და ცდილობ გაყოფას,
ვერ გაყოფ ამ ყოფას, რომელიც გამადლის
ამ არსებობასაც. იწყებენ გალღობას

სიტყვები, რომლებიც ფიქრებში დასახლდნენ
და უნდათ, რომ იქცნენ იმ მდუმარ საგნებად,
ბედს რომ არ ელიან, არც ნატვრას ასახდენს,
არც უბედურებას და ხელის ჩაქნევაც

რას ნიშნავს?! ვიღაცამ გვერდი ამიარა,
ექოა ისიც და გაქრება ჩქამივით,
მღერიან მეზობლად, “მრავალჟამიერი”-
მომდურავ ძმასავით გუგლგრილად ჩამივლის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი