ასე მეგონა, თავს რომ დახრიდა..


ასე მეგონა, თავს რომ დახრიდა
და თვალზე ხელს რომ აიფარებდა,
დაიწყებოდა ისევ ახლიდან
ჟამი, რომელიც არსად არ მიდის.
ჰო, იქნებ რამეს დაიბარებდეს
შვილი, წუთით რომ შედგა კარებთან
და მისმა მზერამ გაიმეორა
გაურკვეველი ბრწყინვა ამინდის.

ახალ ცხოვრებას, ანუ ზედაპირს,
აღარ სურს თავის სიღრმის დანახვა
და ნაბიჯები გაუბედავი
ჩუმ მოძრაობას ფიქრშიც შეწყვეტენ,
სადაც ხარ ახლა, იქაც არა ხარ,
ვერ მოახერხე გზის გადალახვა,
როგორც შემთხვევით გაჭრილ თითიდან
ფურცელს სისხლივით ჩამოეწვეთე.

ჰო, ზედაპირი გადასხვაფერდა
და გეჩვენება, რომ ასხვაფერებს
სუყველას, დღემდე ვინც არ დაბერდა
და ეჩვენება, მუდამ იქნება.
თვალი შეავლე, ძმაო, ამ ფერებს,
გაჩახჩახებულ მზისგან ნაფერებს,
რომ ეს ცხოვრება მოჩანს ხანდახან,
როგორც უცნობი ღვთის გაფიქრება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი