ქეთი ნიჟარაძის ხსოვნას
ვინც გზა იპოვა, ის დაიკარგა, ამაოდ ელის მის დაბრუნებას სახლი, რომელსაც იგი მოაკლდა, ვინც ნაადრევად იქცა ბუნებად და ფიქრში თავი რომ შემოაკვდა. ის ჩვენში დარჩა ხმით, გამოხედვით და საკუთარი ხატის ნაწილად, რომელსაც მალე გააფერმკრთალებს ჟამი, რომელმაც გზად გააცილა და მოაჩერდა ახლა შენს თვალებს, რომელიც ბრწყინავს სინანულისგან _ დასაშრობი და ამოსახაპი, წასაკითხია წიგნი მრავალი, უპირველესად, ალბათ, აღაპის, რომ არსად მიდის დრო წარმავალი. ვინც გზა იპოვა, ის დაიკარგა, მისი დაკარგვა რასაც მავალებს, არის დუმილი გაუბზარავი, ამიტომ ლოცვას კი არ აღვავლენ, მოვუხმობ ყველას, ანუ არავის. მეც ვეღარავინ მომეშველება, ამორჩეულ გზას თუ მივაკვლიე, თუმც შემიძლია, სხვას რომ არ ვგავდე, ერთი ნაბიჯი მუდამ მაკლია იმ გზის პოვნამდე თუ დაკარგვამდე. ქათქათა იყო ამ ფურცელივით დილა, რომელიც იწყებს შევსებას, თავის თავს აჩენს უცხო ნიშნებად, მაგრამ ჭრილობა არ იკემსება, რაც იწერება _ იქვე იშლება. ნუ წააკითხებთ ამ ლექსს ნურავის, ვინც ცინიკურად ჩაიქირქილებს და ვინც იწამა, არის უკვდავი, ვინც თვითონ იწნავს დაფნის გვირგვინებს და ხმას იბოხებს ერთი ოქტავით. ვინც გზა იპოვა, ის დაიკარგა და გრძნობს, ფესვებმა ბევრი იცოცეს საფლავის ბორცვზე, კლდეზე, კიბეზე... მოსაწყენია ზოგჯერ სიცოცხლე, ასე უეცრად რომ მოიბეზრე. შენი მკლავები როგორ უმწეოდ ჩამოიშალა თუ დაიკეცა, ალბათ, იმიტომ, სხვას რომ არ ჰგავდე, გსურდა სულისთვის ფრთები მიგეცა სამარადისო გადაკარგვამდე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი