ირაო
გაუდღეურდა, ამ ღამესაც ამოხაპავენ და იმ დღის მერე ჩვეულებრივ მოვა ის ღამე, როცა წუთები ისეთ სიტყვებს გამოისხამაენ, რომ ვეღარ შეძლებ გაუქმებულ დღის მოხელთებას, რადგან საგნები დაკარგავენ ფორმებს პირვანდელს და შენელებულ დროის სუნთქვა - მფეთქავ ელდებად, ისე აგავსებს, აღარც გინდა სიტყვის მოძებნა, წარმოთქმამდე რომ გიდნება და სისხლსაც გიწყალებს, გაფიქრებითაც ვერ მიწვდები დაუვიწყარებს, და შეეზრდები ჰარმონიულ გულმავიწყობას, და შენი მზერა მოედება საგნებს ობივით, როცა იქცევი იმ ყველაფრად, რაც იარსებებს, მაგრამ უშენოდ და დროებით გამოხმობილი ცდილობ, ამ ყოფას აედევნო ღიღინ-ღიღინით და გაეჯიბრო დროს ცრემლიან დროის შთანთქმაში, შენი სიტყვები ცვივა, როგორც ძველი ბათქაში ბაგეებიდან და გულიდან, შენი სისხლიდან და არსებობის სიტყვიერი მოძრაობითაც შენ ვეღარაფერს ემატები ერთი მისხლითაც და არც აკლდები, არც გადიხარ, ცდილობ გახვიდე, ისევ ფურცლზე მოიპოვო უწონადობა და თქვა, რაც უკვე ნათქვამია, რისი განდობაც შენი ხორხიდან უცაბედად ამოქროლილი ქარის დევნაა, ქარის, ქარის და საქარეთში ქორის ირაო, სადაც ფიქრიც ქრება ქორივით და ეს თამაშიც, რა თქმა უნდა, არის ირაო, ძველი ანბანის, ოდინდელის მცირე ფრაგმენტი, რასაც გეგონა, რომ პირვანდელ სახელს არქმევდი, ხორხისმიერი ბგერები რომ დიდხანს ეძებე და ამოღერღე, როგორც იქნა სხვისი სიტყვები, თვალს უპოვარი ბავშვებივით რომ აცეცებენ და თხოულობენ აღარაფერს, სულ აღარაფერს მხოლოდ დანდობას და თანახმას გულმოწყალების, მთელი სამყარო გადაივსო მათი თვალებით და თქვენ მიცურავთ, განისვენებთ და განცხრომაში ჩაძირულ დღეებს ვერ ინელებს ბილწი ღრეობა, თქვენ ერთმანეთში იმალებით და უბრუნდებით ჭიქა წყალივით მოწყურებულ იგივეობას.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი