მეშვიდე
სუნთქავ ჰაერს, რომელიც აღსავსეა ნათქვამი სიტყვებით და გრძნობ, თანდათან როგორ გახრჩობს ადამიანთა ფსიქიური გამონაბოლქვით გაჯერებული ჰაერი ამ ოთახში, ტელეეკრანიდან რომ შემოდის დაუკითხავად, ყურის ნიჟარებში რომ ცვივა – ამ უძველეს სანაგვეებში. სუნთქავ ჰაერს, რომელიც აღსავსეა გაფიქრებული სიტყვებით და ისინი ასაზრდოებენ მირაჟს - არა მხოლოდ წარმოსახვაში, არამედ ყოფაშიც, სადაც უშვებენ ოცნებების აეროსტატებს და ჩვენს სიცოცხლეს თან ატანენ - ცაში კი არა, ჰაერში, ჰაერში, სადაც თავისუფლება ნომინალურად არსებობს ცხვირის ნესტოებიდან ფილტვებამდე და სახმო სიმების რხევისას, და ისიც ჰაერში, ჰაერში, ჰაერში. ისინი შენში ღამით ჩასახულ მოტივს ამოფხეკენ და ბათქაშივით ჩამოიშლება ხსოვნის ცოცხალი ფრაგმენტები, რომლის დანახვაც შეიძლება და ვერ ამოშლი, თვალიც რომ მოხუჭო, მთავარია, საკუთარ თავში აღარ ჩაძვრე, არ ჩაიმალო, ასე ხომ გული გაილევა ცრუ მოლოდინში. შენ კარგად იცი, ეს ელდა რატომ აფეთქდა, ან ვის ელოდო რატომ?! გაყურადებენ დღისით და ღამით და გაურბიხარ ამ ელდორადოს. სუთქვაშეკრული მიხვდები გვიან, რომ შენ კი არა, აქ ჰაერი არ ყოფნის ჰაერს და ჩვენ ერთმანეთს ვეძებთ ჰაერში, უაჰაერობით სნეულ ჰაერში, ჰაერში, ჰაერში. 7. 12.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი