მეხუთე ელეგია


ზ.შ-ს, ე.ჯ-ს...

საკვირველია, რომ იქ დარჩი, სადაც ჰაერში
მოულოდნელად უნებლიე სიტყვა გაგებნა,
შენ მომავალზე საუბრობდი დაულაგებლად
და ფიქრთან ერთად უსინჯავდი გემოს ჟასმინის
ჩაის, რომელიც სურნელოვან ორთქლით სუნთქავდა
და წარსულიდან ამოჰყავდა დედის აჩრდილი
და ერთ-ერთ ჩვენგანს მოგონებით გულს უთუთქადა.

იყო საღამო და ნომბრის წვიმა უჟმური
ხტოდა ასფალტზე და მინაზე თავის ავტოგრაფს
შლიდა და წერდა და ხსოვნაში ის, რაც ამოქრა
ისევ ცდილობდა შემოღწევას და უცაბედად
თვალწინ ხელახლა გაელვებას და საუბარში
განმეორებას თავის სუნთქვით, თავის აკორდით.
არ გაფრინდება და წყვდიადში ფრთებს არ ჩაიკრეფს
ტკივილი, ვიდრე ბოლო სიტყვას არ ამოკორტნის.

სამნი. მეზობელ მაგიდასთან ერთი ჩინელი,
ღიმილი ვიწრო თვალის ჩრდილში ჩაეფინება,
ჩვენი გათბობა დღეს ჟასმინის ჩაიმ ინება,
ეს ორი სიტყვაც წარმოითქმის ჩინურ გვარივით
და შენ იხსენებ, ვიდრე ხსოვნა ჩაიმინება,
რატომ უყვარდა ლი ბო ასე ძმობილს ოკრიბელს?!
მიდი-მოდიან ნასვამები, დაბოლილები
და მოძრაობით წერენ ყოფის იეროგლიფებს.

ისევ დინება მწარე ფიქრის ამოუთქმელის
და გაოგნების ამოხედვა ბოლო ფრაზიდან,
ბგერებს რომ ეძებს, ხმოვნის თაღი რომ ვერ აზიდა
და კაკტუსივით ამოუშვა მხოლოდ ეკლები,
რომელიც კაწრავს უსასოო სასას ხავილით
და შენ სავარძლის ხმელ საზურგეს შიშით ეკვრები.

სამნი. სამივეს სასმისები ჩამოგვიმწკრივეს,
შეფიქრიანდი და დროსავით წრუპავ კონიაკს,
წვიმს, არასოდეს გადაიღებს, ასე გგონია,
ღიაა კარი. სიცივეა. ამ კარს ვინ აღებს.
ნოემბრის ნისლი შემოაღწევს ჩინურ კაფეში
და ჩინ ჩუ ვანი დაგვირიგებს აირწინაღებს

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი