მეექვსე ელეგია
რადგან ერთხელაც ეს სამყარო შენთვის გაქრება – თვალი შეავლე უმწეო ბავშვს, აგერ რომ ტირის, ბავშვის თვალებში ჩანს ბაბუის დაგეროტიპი, დეკემბრის ქარმა უიმედოდ რომ ჩამოკიდა და ვეღარავის დაპირდები: დაგელოდები, რომ ჩამოგხსნიან გაწყვეტილი ხსოვნის თოკიდან. ფინჯანი ჩაი. დედის ვერცხლის კოვზის წკარუნი ზანზალაკივით გააცოცხლებს ბგერებს ბავშვობის და უმკაცრესი სინამდვილე - ხსოვნის დამხშრობი გაგიმეორებს, რომ სხვაგან ხარ, შინ რომ ვითომ ხარ, მაგრამ ეს სხვაგან - არსად არი და შეგაძრწუნებს გაურკვეველი არსებობის პირობითობა. ვეღარასოდეს ვერ მიაღწევ ბავშვის ცრემლამდე, ის კრისტალია, უმიზეზო დარდის სანაცვლოდ რომ იბადება, შენ კი გინდა სიტყვით ჩანაცრო ელდის ელვები და უეცრად ჩავლილ ღამითაც შორდები ყველას და სიმუნჯეს უახლოვდები და უენობას, როგორც იყო დასაბამიდან. რა ხანმოკლეა, უღიმღამო და ნაღვლიანი ეს ფოტოები საოჯახო, ძველი ალბომის, დღეღამეების, ყოფილების ჩუმი სალმობით გულაჩუყებულს გეღიმება, მაგრამ სისველე ფიქრს აგიბრწყინებს, რადგან იგი სიტყვად ვერ იქცა, როგორც სურათი, რომლის სახელს ვეღარ იხსენებ. იყო. რაც იყო არეულად ჩარჩა ხსოვნაში, გულმავიწყობა კატალოგებს გადაალაგებს და საარჩევნოდ გამზადებულ სოფლებს, ქალაქებს მოენატრებათ მტვერწაყრილი სუნთქვა არქივის და ბრმა ყუთების საფლავებში ჩაუძახებენ მიცვალებულთა მდუმარე ხმებს ძველი ბარგივით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი