თებერვლის ეტიუდი


შიშის ფრთებქვეშ 
შავი ფიქრის ბახალები იჩეკებიან
და ზედ გულზე გიკაკუნებენ.. . . . . . .
მიდი, შეცვალე პირქუში დილა
და უბიდან წითელი ვაშლი ამოაცურე,
ან ფოსტის მტრედი ამოიყვანე,
ბავშვის თვალების გასაბრწყინებლად
და გაუშვი უმისამართოდ
და მოსინჯე
თვალს სადამდე გაადევნებ,
ვიდრე მზერა დაგეკარგება...
იქნებ, ცასავით გაგეხსნას გული
და ანგელოზს ჩახედო თვალში.
ბავშვი კი დგას და
პაწაწინა ხელს შენკენ იშვერს,
შენ გრძნობ სიტყვას, 
რომელსაც ეძებმაგრამ ვერ ამბობ...
ის გაიელვებს პირველი მარცვლით
_სი-ნათლიდან სი-ყვარულამდე
და იმდენად გამჭვირვალეა,
რომ სიტყვად ქცევა აღარ უნდა,
ურჩევნია, რომ ასე დარჩეს.
შეგეშინდება,
თვალი კი არა, სული გიყურებს... 
ჩამოეყრდნობი შიშველ მკლავებს,
ცოცხალ რიკულებს.
და ის, იმდენად მშვენიერია, 
შიში შეერთვის წუთს განცვიფრების
და ახლა ერთი ჰაერით სუნთქავთ 
შენ, ბავშვი, შიში და ლუციფერი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი