დილის კონცერტი
ძველი ალბომი მზე ისე ამოდის და ისე ნათდება, ამოდის, ნათდება და შემოეფლითა ბინდი და შენ იგრძენ _ ამოხვალ ასევე და ამოიხედავ შენივე ფერფლიდან. სარკმელი არაა სამყაროს ეკრანი და არც რეკვიზიტი არ არის ეგ ჩოხა, აქვე რომ ჰკიდია და არ ელოდები ვინმე რომ გაგითლის ბზის კომბალს ხელჯოხად, რომელიც შემოგრჩა ბიჭვინთის ჭალადან ნივთიერ მტკიცებად და ხსოვნის ფრაგმენტად, რომ სანაპიროსთან ცოცხალი ბზის სუნი ართობდა ნესტოებს, თანაც ხმის გაკმენდა გიყვარდათ დროდადრო, როდესაც სათქმელი ქრებოდა გასაგებ წუთების თანხმობით, თქვენ გქონდათ იმედი მომღერალ ხმოვნების და ერთხორც ქცეული ორივე თანხმოვნის. ზმნა რომ იბადება, მწკრივებს და სერიებს უსხლტება, გაივლის პოულობს სასურველს და სიმებიანთა ბგერების ხაოებს ამრავლებს ხემი და საკრავებს სასულეს ჩაბერავს ბებერი სამყარო ხელახლა და გასკდომაზეა დაღლილი ფილტვები, შენ ისევ იქითკენ, რადგანაც ამოდის, კიდევაც ნათდება და იქით მიილტვი… აი, აფხაზეთი, ოჯახურ ალბომში, და მოჭრილ ბზასავით, როგორც რელიკვია, სიზმარში ეყრდნობი, როგორც ხეიბარი, მოკვეთილ კიდურს და ისევ შენი ჰქვია. შენ გესმის მოქცევის ფშვინვა და შხული და შენი ფანჯარა _ ბებერი გემბანი მიცურავს უცნობი დღეების კვალდაკვალ და კურსი მცდარია ან გაუგებარი და ისევ ტივტივებ, და რადგან ტივტივებ, ვერ ხვდები სარკმელი რად გექცა მიწურად, შენ ღუზა ჩაუშვი საკუთარ ტკივილში, და ახლა ჩაშვებულ ღუზასთან მიცურავ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი