სასულე ორკესტრის თანხლებით
სახლი, რომელიც თვალს გაყოლებს თავის ფანჯრებით და ფანჯრებიდან გადმომზირალ ძვირფას ბინადრებს გვერდს ვერ აუქცევ, რადგან შენში ჩასახლებულან და შენთან ერთად სახლიც დადის და რაც ინატრე _ საყვარელ რაკურსს ეძიებ და ისევ პოულობ და მამაშენის უსაშველოდ ნაცნობ სილუეტს _ «კრასნაია მასკვას» საიდუმლო სუნით გაჟღენთილს, დღეებს ხსოვნში ჩაჭედილებს და ჩასილულებს, დედასთან ერთად თვალს აარიდებ, როგორც საბჭოურ რელიქვიას და სისულელეს. ისინი ახლაც შენში ცხოვრობენ, მხოლოდ შენში და სხვაგან აღარსად და როგორც იქნა შენც ხომ გეღირსა, იჯდე შენთვის და ფიქრსგამობმულმა წაიფარფატო ცაში ფრანივით, და გადმოხედო ორსართულიან სახლებს მაღლიდან და ჩაიკარგო საკუთარ თავში. რადგანაც თვალი შეგაჩვიეს, რომ შენ არა ხარ, არც უნდა იყო, რომ სხვებს ხელი არ შეუშალო, როდესაც ბჭობენ, სალონების ორფეხა კატებს _ რა უფრო უყვართ _ «ვერლიბრი თუ კონვენციური», თუ ურჩევნიათ, რომ ტაჯმაჰალს მზერით შეერწყან და აღუდგინონ ბარელიეფს ცოცხალი ტაქტი... მე გამაფრთხილეს: მას არასდროს არ ება ასო, და ამიტომაც ტაჯმაჰალზე არ ებაასო. და მე გავჩუმდი... _______ მხოლოდ შენში და სხვაგან არსად, ის ფრაგმენტები ცოცხლდებიან გარეთ რომ იყო და აღარ არის, ისინიც თავის სიტყვებს ეძებენ, რათა შეაღონ და შინ შევიდნენ და ჩაიმალონ, რომ ვეღარავინ გაიგონოს, ვერ წაკითხოს და ხელნაწერშიც ვერ შეაღწიონ, იყვნენ თავისთვის ვორდის ფაილში და წაუშლელად წაშლილები და გასაქრობად შემკრთალები ასე შერჩნენ ელექტრო-ხსოვნას. _______ გახსოვს, ოდესღაც სასაფლაოსკენ პროცესიას ორკესტრი რომ მიაცილებდა, სპილენძის ჯგუფის ხრინწიან ბგერებს და თეფშების ამაზრზენ ლაწანს, შეეძლო შიში დაეთესა, და აქამდე გამოჰყოლოდა მეხსიერებას: მაშინ სიკვდილიც სხვაგვარი იყო, თითქოს უფრო დამთრგუნველი და ამავე დროს მუსიკალურ-თეტრალური. ____________________________________ სასაფლაოს დირექტორის კაბინეტში სიცოცხლე ჩქეფდა.. მისი მაგიდაც ქელეხის სუფრის ფილიალს ჰგავდა, საპახმელიო ბორჯომის და ლუდის ბოთლებით. რაფაზე ქოთნის მცენარეების მოტივირებულ ყვავილობას ვიმახსოვრებდი და საკუთარ გულისცემას ისე ვუსმენდი, როგორც სხვისას, ჩემში რომ ცხოვრობს და ხმას არ იღებს. რა გამოვიდა? ჩემი ხსოვნა სასაფლაოდ მაინც ვერ იქცა, სადაც ყოველდღე ვხვდები მდუმარე პერსონაჟებს, არასდროს რომ არ საუბრობენ და არსებობენ ფრაგმენტულად, მყისიერად არეკლილები, მოძრავ კადრებში, სადაც სიცოცხლე წარსულივით იგულისხმება, სამგლოვიარო მუსიკასავით, როცა სასულე ორკესტრის ჟღერა ხიდის აგებას წაიჩალიჩებს სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის. ________ ემშვიდობები შპს «ქარონს» და შენ, თებერვლის ნელ-თბილო ქარო, სავსე ხარ მარტის მოახლოებით და ეგ ცრემლები რაც უნდა ღვარო, და გადაევლო ქალაქს ქარ-წვიმად, არ მიგატოვებს, ვინც გამოგზარდა და სივრცეებში გადაგარწია. ქარი ყოფილა ეს სიცოცხლე, უკან მოხედვა ვეღარ მოასწარ, წლები ისე გადაირბინე და წაიყოლე მშენებარე სახლის ფრაგმენტი და წინა ეზო, სადაც მოლი ისევ ბიბინებს. კედლები მაღლა, მერე ჭერიც მაღლა ასწიეს, დაგამახსოვრდა ის დურგალი და კირითხურო, ვინც აშენებდა, რომ წავიდა, ის შენშიც დარჩა, ისიც ხსოვნიდან გიპასუხებს, როცა კითხულობ. გზაგასაყართან შეყოვნებულს გდევენ ქარები საყრდენს გაცლიან და გულდასმით გხდიან სახურავს, თუმცაღა ქალაქს აღარც ახსოვს ამ მასივებში რამდენ თაობას უმასპინძლა და ემსახურა. მიდი-მოდიან და შენც ტოვებ სხეულს თანდათან და უსმენ სიტყვას, გულივით რომ ფეთქავს მალიმალ, წაიოცნებებ: ნეტა სული ღვინოსავით დამალევინა... რადგანაც გული სიტყვად გექცა და იმალება, სადაც ყველაზე საიდუმლო სამალავია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი