იამბიკო


ისიც წავიდა, კაცთა გულმავიწყობის
ხავსი მოედო, მოლმა გადაუარა,
მიწა ინახავს დუმილს უხმო სიმწყობრის
და თუ ინახავს, ესეც სათუო არი,
ეს საფლავის ქვა ჟამთა სათაურია.
თურმე არავინ იცის, სადაურია,
შობილს დროებით წამი გაითავისებს,
ქარში, ქვიშაში, ნეტავ, სად აურია?!
თვალი უსივრცო სივრცეს ჟამით აივსებს,
როცა საწუთრო თვალწინ გაიდაისებს.
მე ხომ გიხსენებ, მაგრამ როცა ძარღვები
სხივებს ისრუტავს, სიტყვით ვეძებ სათავეს,
მე ვარ ბალახი, ჩუმად სადღაც წავყვები
ცელის სიმღერას, ჩავლილ დღეთა სათივეს
თვალი მისწვდება ციდან ჩამონარღვევი.
უფლის სუნთქვაა, ძველ წიგნს რომ გადაფურცლავს,
არწევს კვიპაროსს, ცაზე ხატავს ფიგურებს
და ვარსკვლავები ღამეს როცა დაბურძგლავს,
მაშინ ვიზრდები, რადგან ვგრძნობ, რომ მიყურებს
და მას მივყავარ, ქვეყნად ვინც დამაფუძნა.
კარი ურიცხვი ჩემთვის ყოფამ დაგმანა,
სხვასაც, მრავალსაც, მზერა გადაუცელეს,
ამ საწუთროში წამით ვინც გადაგმალა,
იგი გიბრუნებს უჟამო ჟამს უვრცელესს,
სიტყვებს უცნობებს _ ბაგის ამომბურცველებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი