მარტის ქუჩა #13
წამოგყვნენ სიტყვები და ფრთებით აგავსეს: და ის, რაც აქ იყო, თურმე აქ არ იყო და რაც აქ არ იყო, ის _ ახლაც შენია.... ყველანი ერთად _ წასულები და წამსვლელები და ისინიც კი ვინც გზაშია და მიმოდიან, გაფანტულები ამ და იმ სოფლად, ზოგჯერ სპირიტულ სეანსებზე იკრიბებიან და სანთლის შუქი, სადაც მთავრდება, იქ ბინდი იწყებს შედედებას. გრძელდება სულთა გამოხმობა მარტის ქუჩის #13_ში. ____ ჩვენ აქ ვდგავართ, ამ ქუჩის გასწვრივ, ხეების ნაცვლად, რადგან ისინი, დგომით დაღლილნი სადღაც წავიდნენ ან ერთ ღამეში ვინმემ აჩეხა ან ჯოგივით წინ გაირეკა და ჩვენ დაგვტოვეს ხეების ნაცვლად და ჩვენ ცოცხალ დეკორაციებს ჩაგვესმის როგორ ეძახიან, როგორ უხმობენ მივიწყებისგან გადაღლილ სულებს და სულის მოთქმას არ აცლიან და ფორიაქში აბრუნებენ იმ საბრალოებს. (: იწყებენ ისინი ხმით წამოტირებას, ან წაჩურჩულებას და თეფშთან გამკრთალი ჩრდილივით გაქრება ის რაღაც, რაც უკვე იყო და არ უნდა ისევ აქ რომ იყოს _ ისევ ამ ცოცხლებთან: საკუთარ ბედ_იღბალს რომ დაჰქვითინებენ, ცარიელ სტომაქებს ქარით რომ ივსებენ. ისტერიულია მისი ტონალობა და გადამდებია ყოველი ხმოვანი რომელიც ვიბრირებს მომნუსხავ სიხშირით, და ეპატრონება ამ მოხეტიალე, განწირულ სულებს და იმათი ქვითინი მრავალხმიანია და სასოწარმკვეთი.... ___ და ქვითინებენ, ქვითინებენ შეუბრალებლად _ ყველანი ერთად __ წასულები და წამსვლელები ცვლიან ადგილებს, ძილ_ღვიძილში ერთად არიან... ისიც ცოცხალი ყოფილა თურმე, სინამდვილეში თუმცა მკვდარია. მოხველ, შემოგყვა სახლში სიტყვები და ვიღაც დაფრენს შენში და შენგან არ უნდა სადმე და სხვაგან წასვლა... გინდა ურჩიო ამ პერსონაჟებს თავი ანებონ წუწუნს და კვნესას და სულებს ნუღარ გამოიხმობენ, ნუ აწუხებენ, მათ ხომ ისედაც არ ეთმობოდათ აქაურობა და ღამღამობით გვეცხადებოდნენ უსეანსოდაც, ამ ოთახებმაც ხომ შეიცნეს ჰაერის რხევით თუ მოძრაობით, ვინ იფიქრებდა, რომ ოთახებს ვინმე ახსოვდა?! ვისია სუნთქვა რომ არწევს ფარდებს?! არ დამთავრდება ეს თამაში აღარსოდეს და თვალით მოწყვეტ სანთლების ვარდებს საშინელ ღამის ამაზრზენ კოკრებს, ღამის გულიდან ამოღერილებს, მათ შენთან ერთად წყვდიადი მოკრეფს. ________ შენ მიხვდი, ღვინოს რომ აყოლებდი გაღეჭილ ლუკმას, ვიღაც გიმზერდა, მაგრამ გარედან კი არ გხედავდა, შენგანვე იყო გამოხედვა უცნობი თვალის, და თითქოს შენთვის იჯექი უქმად, რომ წაიმღერე და შენ მიხვდი, რომ შელოცვაა შენი სიმღერა, მათ გასაგონად და იმ სიტყვების გასაღვიძებლად, ზოგჯერ ცოცხლებს მხოლოდ ზღვართან რომ ახსენდებათ და მხოლოდ სულებს თუ გააგონებ _ მარადიულად ძვირფას პუბლიკას, როცა მიუგდებ: “ძილი ნებისა!” სადაც გრძელდება სანახაობა და ანშლაგია შეღამებისას. შენ წახვალ სულის მოსაბრუნებლად... 22. 6.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი