ერთსულ..
...თქვენ გიყვართ ის, რაც გატყუებთ, იგი რაც გწვდებათ და მოგიცავთ...* შენ გასცდი ხმაურს, გაერიდე აქაურობას, მაგრამ დროდადრო ჩემში ფეთქავ და მპოულობ შენი პულსივით... განა შენამდე შორი გზაა, სულ აქვე ხარ, ჩემში გხვდები, ასე უხმოდ რომ ვისაუბროთ. ის დრო, რომელიც გვაახლოებს, სად ქრება ხოლმე?! ალბათ აქვეა და მე არ ვიცი, უმიზეზოდ რა არწევს ფარდას და შენი სუნთქვის ფრთები ნაპირს როგორ პოულობს?! ერთდროულად აქ და იქ ყოფნას, როგორ ახერხებ, როცა ჩემში ხარ და სხვაგანაც, სადაც ვერ გწვდება მზერა და მხოლოდ სულის ძაფი ჩნდება ჩვენს შორის, რისი დასტურიც შეგრძნებაა, იგი ცხოვრობს უსიტყვობაში და თავს ზოგჯერ სიტყვაში ეძებს... . . . . . . თავის დრო იცის ძეძვის ყვავილმა და ფუტკარს იკრებს დღისით, ღამით კი ვარსკვლავები დაბზუიან ქვეყნიერებას და ღამის ნექტარს აგროვებენ ბნელი ჩქამები და ერთმანეთს ინაწილებენ და სივრცეებს ცვლიან წვდომისას და თქვენ გიყვართ ის, რითაც ყოველთვის თავს იქცევთ და... დიდება ინსტინქტს, ჟრუანტელის ძველისძველ ავტორს, თავს რომ აკითხებს ნებისმიერს, ვისაც უყვარს, არა მხოლოდ ტექსტობრივი სიმკვრივეები და აგრძელებს სხეულის კითხვას. ისევ წუთის აალვება, აალება და გაელვება.. . . . . . . ეს დრო მაინც სხვაგვარია, როცა შენ გხვდები, როცა სული იწყებს საუბარს და შეგრძნების სიღრმე გვამუნჯებს. აი, ისეთი მშვიდი დროა, ფარშავანგმა რომ ჩაიარა გალურსულ ბაღში, მარაოსავით გაშლილ კუდს რომ თვალი მოვკარი, როგორც ჩავლილ დროის ფრაგმენტს და ჩემში დარჩა. გაბმულია სულის ძაფი და შეგრძნების ენით ვსაუბრობთ, და ვაგრძელებთ ერთსულ ყოფნას და სულ ყოფნას ერთსულ... და უხმოდ... . . . . . . შინ დაბრუნდა ფრანის დევნით დაღლილი ბავშვი, ცით გადავსებულ თვალს მარიდებს და სიტყვასაც ვერ პოულობს, ცამ რომ წაართვა... ყველაფერი ასე დაიწყო ოდესღაც ჩემთვის და ახლა შენთან შემოვბრუნდი რომ გაგახსენო- უთქმელობა ბადებს სხვა ენას და სიტყვები სულით ივსება... აქ ჩანს ის გზა, რომ არ სრულდება, ერთმანეთის ფიქრი გვესმის და უსიტყვოდ ნაგულისხმევი, ჩვენს ცოდნას რომ აღემატება...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი