თვალი გზად გაგირბის
თვალს ხუჭავ და მაინც თვალი გზად გაგირბის, იმ გზისკენ, რომელიც უკან არ ბრუნდება, და ეს მერამდენე დღეა, ვერ იხსენებ ერთი და იგივე დღე რომ მეორდება და შენც რომ არსებობ ვიღაცის ასლივით, რომელიც დედანთან ყოველთვის სწორია, დედანთან სწორია, როგორც ეს მასივი _ ნაცრისფერ ყოფითაც არ არღვევს სტანდარტებს, დრო მიიზლაზნება, არ მიდის არსაით და ძლივს იმეორებს ანდანტე ანდატეს... ზოგჯერ შენ იღვიძებ დამალულ ჭასავით, რომელსაც დროდადრო მზის სხივი პოულობს და როცა ძველებურს ღიღინებ ნასვამი, ხედავ, ცა ივსება ცელოფნის ყვავებით და ნამდვილ ყვავებით და ვეღარ გაარჩევ ვერც ფრთების სავსავით, ვერც შეფერილობით ნაგავსაყრელიდან აფრენილ შავ ლაქებს... ღია ფანჯრებიდან წყვეტილად მოისმის ტელევიზორების ჯგუფური ლაქლაქი. შენ ცხოვრობ უჩუმრად კვირების მწყემსივით, თვეების მწყემსივით და წელთაღმრიცხველი დღეების სიმრავლეს ვეღარსად წაუხვალ და გული _ დამალულ ცრემლების ჭურჭელი, ფეიქარ ფიქრების თვალებით შეგხედავს, და უცნობ სიტყვების ჩაგესმის ჩურჩული, და ქვიშადქცეული სათქმელის შრიალი. მწარედ ჩაგრჩენია ღიმილი ჩარჩული ჩრჩილივით რომ დაფრენს და სულსაც გიხუთავს, შენ განვლე ის ღამე და გამოაღწიე და ბავშვად მოვლენილ სიხარულს იხუტებ. ჰო, აქ ჩაივლიან დღეები, კვირები, თვეები, წლები და ჩაივლის ყველა დრო, ჩავლილებს ჩალალავ და ჩაეკირები, რომ მერე არავინ აღარ მოგენატროს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი