გახედვა საღამოსკენ
ჩაჰყევი ამ დღესაც საღამომდე, მზის ბოლო სხივამდე, ცელი რომ ირეკლავს და შენ გეშინია გასათიბ ბალახივით, რომ მზის საათებსაც ხელახლა წაჰყვება შენი დრო _ საღამოს ჩრდილივით გადახრილი. დაწერე სილაზე საღამოს სიმღერა, მდინარის ნაპირას იმ დროის კონტური ყოველთვის მიდის და თან მუდამ აქ არი; იგი ხომ ოდესღაც ამ სიტყვებს ამბობდა. არც ენის მოჩლექა, არც თავის კანტური არ უყვარს დინებას, ყოველთვის მიდის და თან მუდამ აქ არი. და როგორც ის ეტყვის: გადაიხვეწება ეგ სული მთებში და გაუჩინარდება. როდემდე, ვინ იცის? ბალახს შეეკითხე, კიბეზე ასვლას რომ ცდილობს გამუდმებით, შინ ვინ ეგულება, ანდა ვის დაეძებს? თვალს თუ აარიდებ და გაუყუჩდები, გულზე გადაგივლის და გაფიქრებასაც ვერ მოასწრებ: გადაიხვეწება ეგ სული ჩიტივით. ეს ხომ ის გზა არი, დედის იავნანას გავლით ნატირალთან მისული რომ არ ენატრება უკან მიბრუნება, არც გზის გაგრძელება და ის აღსავსეა ყოვლად უმიზეზო სისრულით. ჩაჰყევი ამ დღესაც საღამომდე, მზის ბოლო წვეთამდე და ამოსუნთქვამდე, ვიდრე გაფრენილა... ეგ სული ჩიტია.. შენს წონასწორობას ჩურჩულიც დაარღვებს და შენი ნაბიჯიც, თუმცაღა მჩატეა. ჩაჰყევი, ჩაჰყევი მზეს ბოლო სიტყვამდე... 23. 7.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი