შემოდგომის მეორე დღის ქრონიკა


შუქ-ჩრდილის ჩუმი მოძრაობა უფრო ბევრს ნიშნავს,
ვიდრე ეს ყბედი, 
სიტყვები რომ ღორღივით სცვივა...
ბავშვი ისევ მეკითხება,
როგორ მიაბეს შუქზე ნაგავი?!
და სხივის ციმციმს უშტერებს მზერას...
ლარნაკის ჭრილში თამაშობს სხივი
და ფერებს ფურცლავს 
და უცაბედად ასხლეტილი
შენს თვალს პოულობს.
აი, წუთი.. შენ ცხოვრობ წუთში, 
ის უკაროა, არც იხურება და არც იღება, 
ვიდრე ხარ - არის, ისიც აქვეა 
და გახსნილ გულში ისევ გაკრთება,
გოლგოთას თხემი და უფლის ჯვარცმა 
გექცა სიცოცხლედ და იმ ნაკვთებად
ძველი წიგნივით რომ გადაშლიან, 
როცა შენი დრო შემოაკვდებათ.
მტვერი, სხივში რომ ირევა
მათი მტვერია,
საუკუნეებს რომ ტკეპნიდნენ 
ურიცხვ გუნდებად,
ახლა კი სხივი სარკით ერთობა
და ანარეკლით, როცა ბრუნდება.
შენ ცხოვრობ წუთში ჩემთან ერთად
და მე ვიგრძენი, რომ ეს წუთია 
დღემდე ჩვენი თავშესაფარი
და სხივმა ისე გაიარა ჭუჭრუტანაში 
ნემსის ყუნწში რომ ძაფი გაივლის...
თამაშობს სხივი, ჩეკავს ჩრდილებს და ათინათებს
სხივი თამაშმა ვერ გადაღალა,
უფრო გააღო წუთი გამჭოლი, 
ისედაც ღია და ფარღალალა
და ეს შეგრძნება გაშინაურდა,
რომ აქ ვარ, თანაც აქ აღარავარ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი