ტრანზიტი


...ეს შენი სახეა,
იქ რომ ირეკლება _
მთვარეში _ ღამეულ ბრაზე და აბრაზე,
ასე რომ გეცნობა ძველ აფიშასავით,
თვალის უპეების აუხსნელ სიმუქით...
სპექტაკლი იწყება და აღარ გაფიქრებს,
მეუთვალავედ რომ აუწყებ მსოფლიოს:
_ კვლავ გათამაშდება ძველი პრემიერა _
დარდობს ოკეანე მარტოსულ აფრაზე.

გამომყვა ცინიზმი შენმიერი,
თუმცაღა ხანდხან ხმაც კი მებზარება
და ვმალავ თვალებს დარდისგან გაწყალებულს,
როცა სადღაციდან ჩნდებიან მხატვრები
და ჩემში ჩამარხულ ფერებს პოულობენ.

შენი დარდია, გულში რომ გაისმის,
და ღამეების კვნესა განამცეცებს,
უთენიაზე მოგეყურება
პირველი ბგერები ქალაქელ ფრინველების,
რაფაზე სხდებიან მშიერი ბეღურები,
შენი ძილ_ღვიძილის ნამცეცებს კენკავენ..

შენ ხარ არავისთან ფიქრში მოსაუბრე
ჰკითხავ, რა თქმა უნდა არავის:
რად არ მეშვებიან ეს ჩიტები,
ან რას მიმანიშნებს ქარის ქროლვა,
ჩემი ფიქრებიც კი სიცოცხლეს მპარავენ.
.
სულს გიხუთავს მნახველთა სიმრავლე,
ისინი ხომ თანაგრძნობით ერთობიან
და გამჭოლ მზერით განამცეცებენ.
თავს ადარებ ლარნაკის ყვავილს,
წყალს რომ უცვლიან
და ჭკნობას რომ უხანგრძლივებენ...

ცეცხლი რომ ქრება თვალს ადევნებ
და მერე გულს უხსნი
და გულში გროვდება ნავლი,
შენ აქაურობას დროებით შემორჩი,
და სხვაგან მიდიხარ ამ ქვეყნის გავლით.

ისე შეეჩვიე აქაურებს,
ცოტა გიჭირს კიდეც განშორება,
ისევ იღიმები, ჩამქრალი თვალებით,
ჩამალულ ნაღვლს მთავაზობ მაჟორივით.
დღეები, ლოდინში მოზოზინე
თანდათან გვაშორებენ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი