მწარედ წასაღიღინებელი


გამკაცრდა ტონი გვიანი შემოდგომის,
ხმაში ქარ_წვიმა და ჟალტამი გაერია,
ჩემი საფიცარი ისევ გაეროა
და საზრდო მშობლიური ჰაერია.

სვამენ, ილხენენ, მოიცალეს,
ღიმილი იმ სიტყვის ოვალია,
რომელიც არ ამოთქვა ჩინოვნიკმა,
რადგან დუმილის მოვალეა.

გამკაცრდა ტონი შემოდგომის,
დასრულდა ნარდი ორით ორი..
მე ეს საგუშაგო შემიყვარდა
და ჩემი ევროპელი მონიტორი..

რუსეთი ისევ რუსეთია,
ძლიერი უამრავ მონით არი,
ანგრევს, აჩანაგებს, ანადგურებს...
დღიურში აღნიშნავს მონიტორი.

მშვიდია ძილი დასავლური,
კომფორმისტულად მო-ნეტარ-ო,
რუსი რომ მიტაცებულს ისაკუთრებს,
გულდასმით აკვირდება მონიტორი.

გამკაცრდა ტონი გვიანი შემოდგომის,
ხმაში ქარ_წვიმა და ჟალტამი გაერია,
ჩემი იმედი გაეროა
და პატრიოტული ჰაერია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი