სამალავი


თავი დავკარგე და აღარ ვეძებ...

აქ უნდა დავრჩე,
რადგან ეს გზა მიდის არსაით
და სული ეძებს ცაში გასაღწევს,
ღია სარკმელში შემოფრენილ ბეღურასავით.

გული ჩიხია,
სადაც ერთმანეთს შევუძღვებით
და იქ ვამყოფებთ,
იქვე ვინახავთ ხსოვნის საფლავებს,
მერე ვიზოგავთ მწარე სალაფავს...
შემაჟრიალებს გულგრილობა სიცარიელის
და ვსინჯავ ფიქრით აღმოჩენილს და ნაალაფარს,
ვათვალიერებ კოლექციას ძველ გალერიის..
და იგი ისევ აქვე არის,
ბგერებს ამოჰყავთ,
როცა გარდაცვლილ ბავშვებისთვის მღერის მალერი...

შეცბუნებული გავხედავ დღეებს,
ადრე რომ იყვნენ და მობრუნდნენ,
ისევ რომ წავლენ...
შენ უისრებოს ჰგავდი ციფერბლატს
და მიამბობდი, ეს ნოემბერი,
როგორ თანდათან ჩაილია და ჩაიფერფლა.

რა უნდა ვუთხრა კარსმომდგარ ზამთარს
და შიშს, რომელმაც გამოიღვიძა
და ჩემში თავის სამყოფელს ავლენს,
რა უნდა ვუთხრა დაჭაობებულ
წარსულის ჟალტამს და მალარიას,
დაბრუნებული დღეებიც წავლენ...
შემოდგომამ ხომ იმალიარა,
მზერა გაგვითბო ფერადი ნავლით....

ახლა ეს წუთი _ ათასი წლის სამალავია..
და გარდაცვლილი ბავშვებისთვის მღერის მალერი...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი