წითელი ვაშლი გაგორდა..


/მარტის ეპისტოლე/

: დრო არასოდეს არ არის ცოტა
და არც ბევრი,
ის ყოველთვის საკმარისია.,
უკმარია მხოლოდ სურვილი..

ღრმაა წუთი, ჭასავითაა, როცა გიყვარს ისე ლივლივებს...

მომავალზე ისე ვსაუბრობთ,
თითქოს ათას წელს ვაპირებდეთ აქეთ დარჩენას,
და ვბჭობთ წარსულზეც, აქ რომ არის, რადგან ჩვენც აქ ვართ...

კბილით გვიჭირავს
და ეს სული გვყოფნის ტკივილის დასათმენად
და სულ ესაა... სულ ესაა, სულ, სულ...


შავი ჩიტები რომ გეგონა - ისევ ნაგვის პარკებია,
ლისის ტბისკენ მიფრინავენ
ონკოლოგიურ საავადმყოფოს ეზოებიდან,
საწყობების და მორგის შემოვლით
და ნაგვის ჩიტებს, გადამფრენი ფრინველებივით
მიაცილებენ ფანჯრებიდან გადმომზირალი
თვალები და ცივი ქარი ისევ არსაით.

დრო არასოდეს არ არის ცოტა და არც ბევრი,
ის ყოველთვის საკმარისია სიცოცხლისა და სიკვდილისთვის;
თურმე, რაღას არ დაინახავს ზოგჯერ თვალი,
თავის სიღრმით შეძრწუნებული?!

გამჭვირვალე ხარ ჰაერივით,
ბავშვებსაც ვერ მოეფარები ტელე-ეკრანთან,
ვერც სარკესთან, ვერც ფანჯარასთან..
მაგ სიფრიფანა მხრებს რომ ვხედავ,
მეშინია ნიავს არ გაჰყვე პეპელასავით
და ჩრდილივით არ დაიკარგო.

აღარ ბრაზობ, გაკვირვებული რომ გიყურებენ
და ყველაფერს ხედავ გამჭოლად _
კედელს, კარადას და ფრთებივით მსუბუქ კიდურებს
და საბრალოა ვინც შენ გაგჭორა.

შენ აყურადებ საკუთარ სუნთქვას
და უნებლიედ იმეორებ აკვიატებულ და მარტივ მოტივს:

...წითელი ვაშლი გაგორდააა..
/ დიდედას ხმით შემოგესმა გულში ნამღერი.../
და ვაშლი მართალა დაინახე ნატურმორტივით.


აქაც გადის და დრო აღარსად მიიპარება;
დილაობით კი მოცურდებიან მზის დელფინები,
და პალატები თვალზე ხელებს მიიფარებენ...
და შენ ძილ_ბურანს მშვიდი სუნთქვით მიეფინები.

განსაცვიფრებლად საშიშია აქ, წუთის სიღრმე,
მუდამ სხვაგან რომ იხედება...….


ბნელ დერეფნებში ხელჩანთიანი მოვაჭრეები მიდი_მოდიან
და პალატიდან პალატაში შეაბჟუტებენ
ცარიელ თვალებს და საკუთარ მიუსაფრობას.

შემოიხედეს. ჩვენ მაგიდას ვუზივართ ორნი,
ჟოლოს მურაბა მოგვართვეს და გვემშობლიურა,
ჟოლოს და ჩაის დროში ვაზავებთ და ისე ვწრუპავთ
დარჩენილ დღეებს,
და რაღაც ქრება შეუმჩნევლად ჩაის ორთქლივით...
და ის სიმჩატე ილექება ნათქვამ სიტყვებში,
შენ რომ ჩურჩულებ და ბაგიდან ჩამოთქრიალებს...

შენს პალატაში თავჩაქინდრული რომ ღიღინებ,
ეს მერამდენედ
ცდილობ ტკივილი ამოიმღერო:

...წითელი ვაშლი გაგორდა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი