მე მხოლოდ ხმა ვარ
/ივნისის ეპისტოლე/ ისევ აქაა შენი ადგილი, რადგან უშენოდ ვერ იარსებებს, ის განცდა, სუნთქვას რომ მიადვილებს და შეუძლია გულის ავსება. ვწრუპავ შავ ღვინოს, წავიღიღინებ, ხასიათს შავი ღვინო შეფერავს, როცა ოთახში მოვლენ ჩრდილები და გამართავენ ღამის პერფორმანსს... ჩემი სუნთქვაა, მოგელამუნა, წაჩურჩულებით რომ მოგეფერა... ღამის ქსოვილი გადაგვაფარეს _ ცა ვარსკვლავებით ამონაძენძი, შენ ხომ ისედაც გულში ცხოვრობდი, არ მეყოლები სხვაგან საძებნი. შეხედე მიწას _ მოფენილია ნაბიჯებით და ყველა ნაკვალევს თითქოს ინახავს, ჩამქრალ თვალებსაც ცა ჩააწვეთებს სხივის აკვარელს, ერთხელაც, ვერსად რომ ვერ გიპოვნი, გულში დაგიწყებ ძებნას _ საყვარელს. შენ შიშობ, ღამის ფორიაქი არ მოგეშვება, მიზეზთა გამო, ანდა, იქნებ, სულ უმიზეზოდ, მე მხოლოდ ხმა ვარ წაცდენილი სანუგეშებლად და მენატრება შენს მზერაში წამოვიზეზო და შენს გულისთქმას ხმა ავაყოლო, რომ მოგეფერო, შუბლზე შეგახო_ ეს ხელისგული _ გრილი აყალო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი