შეგრძნების კვალი


/ივლისის ეპისტოლე/

გადამავიწყდა..
მახსოვს მხოლოდ შეგრძნების კვალი,
ცვილის გული, სხვა არაფერი..

არ ისურვა, სიტყვებს თავი არ შეაფარა..
სჯობს, არ ვიცოდე არაფერი,
მხოლოდ ვგრძნობდე ჰაერის რხევით,
ყველა სიტყვით, ყველა საცეცით, ყოველი ბგერით,
გაურკვევლობის სუნთქვაში როგორ იბადებიან
სხვა დღეები და ღამეები
და გაქცევაზე უჭირავთ თვალი.

...იგი მოვა, ვინც, ოდესღაც,
თავის ხელის ჩრდილში დამმალა.

გაქრა ივნისი, წაიყოლა თიბათვის სუნთქვა,
მისი სხეულის ფრაგმენტები ჩარჩა ჩემში _
ცაცხვის, ფშატის და თივის სუნით,
მაგრამ რა მითხრა ვეღარ ვიხსენებ..

მხოლოდ კონტური, შეგრძნების კვალი _
ზოგჯერ სისხლში რომ წაიმღერებს
და ქარს ინატრებს
მუდამ ქარის მომლოდინე ქარის წისქვილი,
რადგან ისედაც იფქვება დრო,
ისედაც ცრიან წელიწადებს,
ისედაც ზელენ
და ისედაც მზე გადმოდის ოქროს ვარცლიდან
და ისედაც აცხობენ გულში ჩაკრულ სურვილებს.

ისეთნაირად მომენატრე,
ახლა შენში ჩაკარგვა მინდა და ზღვის ფშვინვაში
მილიონების სუნთქვას ვპოულობ
და შენც იქ გეძებ, სახლში, რომელიც სუნთქით აშენეს.

ქარი სულია, არვინ იცის, საიდან მოდის და საით მიდის..

...და უკვე დროა, ავწიოთ ფრთები განთიადისა,
რომ შევეგებოთ პირქარს ქარის წისქვილებივით
და ამ უნდობარ საუკუნეში
კიდევ ერთხანს ვიქარწისქვილოთ,
ვიქარწვიმოთ და გავიქარწყლოთ დარდი,
ვიდრე დრო გაგვაქარწყლებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი