არდადეგების გაგრძელება
ფერადი ფანქრები, ობოლი ბავშვების ფიქრებში წათლილი: ყვითელი _ მზის ლაქა, მწვანე და წითელი _ ყანა და ყაყაჩო და ლურჯი… საღამოს ცასთან წათვლემილი, სხვა _ წვერმოოქრული, მზეებს რომ დახატავს და სახლის სახურავს, აწოწილ საკვამურს, ზოზინა კვამლით ზეცას რომ აღრმავებს, სადაც ჩამალულა ყივილი უთვალავ მამლის. ზაფხულის ნიავი _ ნანატრი გადია, გულში რომ ჩაგიკრავს და გეალერსება და შენში იღვიძებს უგამჭვირვალესი შეგრძნება ნაივის, რომ ისევ შენშია, რაც მუდამ მიმოდის; არც მაშინ იცოდი, რომ ეს დრო ჩაივლის _ თვალებში არეკლილ სეზონის ბრწყინვით და უცნობი დუეტის მჭვრეტელი აივნით. მე ქარმა ხელახლა დამკარგა ფრანივით, ფრენს ფიქრი, ფუტკარი, ფრთები სიფრიფანა დაბზუის ყვავილებს, დაეძებს ნექტარს და არ მერცხვინება, დღემდე რომ ვეკუთნი შეყვარებულების საეჭვო სექტას. არავინ წასულა, ისევ აქ არიან, ჩემში განაგრძობენ სიცოცხლეს ესენი, ვცხოვრობ შვილიშვილის დახატულ სახლში და გარს მივლის ჩემივე დღეების მესერი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი