სუნთქვის მიყურადება


/ივლისის მესამე ეპისტოლე/

…არსებობ ჩემში ნალურსმივით…
. . . . .
შენს ფიქრებს აწყობილს შავი ნონპარელით _
ვიღაც აკვირდება სამყაროს ლუპიდან…
როცა ოთახში შედიხარ ფეხაკრეფით,
ნაბიჯთან ერთად
კრეფ ხსოვნაში ჩამალულ ფიქრებს,
თვალებით ამბობ, რასაც სიტყვა ვერ მოუძებნე,
- უმწეობამ შეგატოვა
შორისდებულის მოსაწყენ ხმოვნებს…
ვის ელოდები?
არც კი იცი, როდისღა მოვლენ..
სულგანაბული უმზერ საბრალოს
და შემკრთალი მიაყურადებ:
სუნთქავს თუ არა?!
დგახარ საწოლთან და ელოდები,
სიცოცხლე როდის ამობურცავს ქათქათა ზეწარს
და სუნთქვა როდის შეაღვიძებს ავადმყოფ ჰაერს..
ჯერ ერთად სუნთქავთ წარსულს და აწმყოს,
და ისევ ცდილობთ,
რომ ეს სივრცე გამოიზოგოთ,
აღსავსე ფიქრის და თვალების გამონაბოლქვით.
ჯერ ერთად სუნთქავთ…
შენი მზერა იქითკენ მიდის,
სადაც არავინ აღარ არის,
სულ აღარავინ
და სიტყვას გულშიც ვეღარ გაივლებ,
რადგან გული, შენ კი არა, სიჩუმეს უცემს.
ძველი ტკივილი
ნალურსმივით გამსჭვალავს ხსოვნას
და ცის ლუპიდან ვიღაც გიყურებს…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი