შეხვედრის მოლოდინი…


მზეს კარსმომდგარი ზამთრიც კი არ ახსენდება,
ისე მუბუქად იფურცლება ვერხვის ფოთლებში…
 
…აქ აღარავინ აღარ არის, გარდა მიწისა,
რომელიც მუდამ ზრუნავს რამე აღმოაცენოს,
რასაც ქარი და მესაფლავე მიწას მიაყრის…
 
… ზოგჯერ სიზმრებში ბრუნდებიან დაუკითხავად
და უცაბედად სადღაც ქრებიან…
 
როცა ვისწრაფი შენკენ,
სულ მიკვირს,
ყოველ ჯერზე,
შენთან შეხვედრის მოლოდინით რატომ ვივსები?!
 
რა უსწრაფესად გაიზარდა ეს სასაფლაო,
აქ, მიწა მიწას ემატება,
სულები კი სხვაგან არიან,
ალბათ ისინიც უბრუნდებიან  არქაულ საწყისს
და ჩავლილ ყოფას ვერ იხსენებენ…
 
ვარდის ფურცელზე ამოსულა ჭიამაია
და მზის სხივზე აცოცებისას ფრთები გაშალა,
გაფრინდა იქით,
ლოკოკინა სახლიანად რომ მიზოზინებს
უხილავი დროის სიჩქარით,
 
ვინ იმახსოვრებს ჩიტის ძახილს?!
ყოველი ბგერა
ჩაწერილია უცნობ დროის პარტიტურაში,
რასაც ბუნება შეასრულებს
დაწესებულ თანმიმდევრობით.
 
მზე რომ გადავა და ჰაერი რომ შეიმღვრევა,
დასავლეთის ქარს
მოაქვს ტურების შორი წკავწკავი…
მე ვხუჭავ თვალს და
რაც უამურ განცდებს აღვიძებს
ქუთუთოების იქით ვმალავ და მეჩვენება,
რომ სხეულიც იქ გადავმალე -
თვალების ფსკერზე და მივატოვე…
 
ჩვენ ისევ ვხდებით,
ჩვენი შეხვედრის მოლოდინი ვიდრე არსებობს…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი