გადამფრენი ფრინველივით…


მესმის თვალებით რას მეუბნები,
გულში ჩაგიკრავ, უსიტყვოდ გკითხავ:
 
მერამდენედ დამემალე,
რაიმეს თქმა აღარ ისურვე!
 
იყავ შენთვის, გულს შეეკედლე,
იმ ნატვრაში გამოიზამთრე,
რაც მომავალში უწყვეტ ფიქრად უნდა იქცეს
ან გულში ცრემლად,
ხმის ტემბრთან ერთად რომ გამოაღწევს
და ის სიტყვა წარმოთქმისას
მარცვალ-მარცვალ,
ბგერა-ბგერა, ნამცეც-ნამცეც გაგეფანტება.
 
გადამფრენი ფრინველივით ვცხოვრობ
და ჩემი გადაფრენა დღიდან დღეში ისევ გრძელდება,
შორ მანძილებს ფრთებს ვერ ვატოლებ,
გადავიღამებ და მერე დილა
ახალ მიწას და ახალ ცას მჩუქნის
და ფეხაკრეფით უკან ბრუნდება,
რომ მოვიდეს,
მარტის ჭინჭებში
ჩაძინებულ ჩვილ გაზაფხულს
შეავლოს თვალი და შეულოცოს,
როცა გული აკვანივით გადაირწევა..
 
ჩიტივით ვცხოვრობ და ბუდეში უხილავ ფრთებით
მომყვება სითბო და ვითვლი წუთებს…
 
რომ გაზაფხულდეს
გალობას ისევ გული უნდა ამოვაყოლო…
 
ესეც მორიგი შეჩერება,
პარასკევი ჯვრის გზას მიჰყვება
და გულში ვფიქრობ:
ვინ დამარხავს ნათელს მიწაში,
სხივს წყვდიადში ვინ გადამალავს?!
 
ჩვენი შეხვედრის ადგილი ხომ
მზესთან მოძრაობს
და ერთად გვეძებს სულის სიღრმეში…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი