მწოლ-კმარი


სოფლის განაპირას, ტყის სიახლოვეს, ერთ პატარა სახლში, უცნაური მწოლ-კმარი ცხოვრობდა. შვილი არ ჰყავდათ, მაგრამ არას დარდობდნენ და იყვნენ ასე უშვილ-ძიროდ. დღისით ცოლ-ქმარი ერქვათ, ღამით კი მწოლ-კმარი. დროდადრო დღისითაც მწოლ-კმარი იყვნენ და ღამითაც, მაგრამ შვილი არა და არ უჩნდებოდათ, ამიტომაც, თანდათან გაუქრათ კიდეც მოლოდინი და ისე ერთობოდნენ. ცოლმა დაარქვა თავის ქმარს კმარი, რადგან როგორც დაასკვნა მრავალი გართობის შემდეგ თვითკმარი გახლდათ და ეს მეტსახელი ზედგამოჭრილი ჩანდა მისთვის, მწოლიც თვითონ მოუგონა საკუთარ თავს, ოღონდ არავინ, კმარმაც კი არ იცოდა. კარსმომდგარი ტყის შრიალი ღია ფანჯრებში შემოდიოდა და შემოჰქონდა ასწლოვანი ხეების სუნთქვა, ფოთლების, მერქანთა, კენწეროთა სურნელი და კიდევ რაღაც, ან იქნებ ვიღაც, რასაც თუ ვისაც სახელს ვერ არქმევდა თვლემამორეული ქალი.
ერთხელ, მწოლმა ისეთი სიზმარი ნახა, რომ ნამდვილისგან ვერ გამოარჩია. მიდიოდა ტყისპირა ჩირგვნარში ბილიკ-ბილიკ ფიჩხის მოსაგროვებლად, როცა სადღა-ციდან ხმა შემოესმა და სიტყვები მკაფიოდ გაიგონა:
თუ შვილი გინდა მოგცე, შედი ქოხში, გზად რომ დაინახავ და მეტყევეს მოსვლას დაუცადე,
მისგან მოგეცემა შვილი, შენ ქმარს კი ნურაფერს ეტყვი.
ჩაფიქრდა ქალი, შეწუხდა, აღარ იცოდა რა ექნა, შვილი ისე უნდოდა, ისე ენატრებოდა
დედობის მადლი შეეგრძნო, რომ თითქმის გადაწყვიტა იდუმალ ხმას მინდობოდა. კარგახანს ორჭოფობდა, ფეხი უკან რჩებოდა, მაგრამ ნელ-ნელა, ძალაუნებურად, მაინც ქოხისკენ მიიწევდა. ამ ყოყმანსა და იმის ფიქრში, ქმარს როგორ ვუღალატოო, მიადგა კიდეც ქოხს, შეაღო კარი და შეაბიჯა. მიიხედ-მოიხედა და რადგან უქმად დგომა არ უყვარდა, შეუდგა იქაურობის მილაგებასა და დაგვას. სადილიც გაამზადა, ხმიადი გამოაცხო, დოქით ღვინო შემოდგა ტაბლაზე და ტახტზე წამოწვა. ისე გაშინაურდა, თვითონაც უკვირდა, აქ ხომ არ ვცხოვრობდი ადრე და ვეღარ ვიხსენებო.
ქალმა ფეხისხმა გაიგონა თუ არა, ტახტიდან წამოხტა და იქვე უხერხულად აიტუზა. შემოვიდა მეტყევე, ქალს შეეგება:
-აი, შენც შინა ხააარ. მოდი, ხელი დამაბანინე.
ყველაფერი ისე ხდებოდა, როგორც ტყისპირა სახლში და ქალს ვერ გაერკვია, როდის იყო შინ, იქ თუ ამ სახლში, რადგან არც მეტყევე ეუცხოვებოდა და არც კმარი, ოღონდ არ იცოდა მეტყევეც კმარი იყო თუ უკმარი. სურვილი უცებ გაუჩნდა ქალს, ისე რომ მოელოდა კიდეც ჟამის ისე წადინებას, რომელსაც ორივე გადაჰყვებოდა უჩინარ დროში. ასეც მოხდა, მაგრამ ქალი იმ დროში ჩარჩა, სადაც
გააღწია მეტყევესთან ერთად და როცა თვალი გაახილა, ტახტზე იწვა, ოღონდ არა მეტყევის ქოხში, არამედ იმ სახლში, საიდანაც გაურკვევლი დროის წინათ გავიდა და როდის და როგორ დაბრუნდა აღარ ახსოვდა. კმარი შინ იყო და მწოლი რომ ტახტზე დაინახა მიელაქუცა, მაგრამ მწოლი იმ ბურანიდან ჯერ ვერ გამოსულიყო და კმარი ცივი უარით გაისტუმრა.
- ავად ხომ არა ხარ? იკითხა გაკვირვებულმა და პასუხს აღარ დალოდებია ეზოში ისე
გავიდა გულის გასაქარვებლად.
ქალი ჩამოცურდა ტახტიდან, მაგიდას მიუჯდა და უნებლიედ ამოიღიღინა, რაც კი სათქმელი ჰქონდა,
თვითონ რომ ესმოდა მხოლოდ და სხვას არავის და კიდევ იმას, ვინც არ ჩანდა და იქვე იგულისხმებოდა. ხვდებოდა, რომ თვითონ აღარ იყო მწოლი და არც მისი ქმარი გახლდათ კმარი. საღამოს ისევ მიელაქუცა კმარი, მაგრამ ისევ უკუაქცია მწოლმა და ამის შემდეგ იგი აღარც გამოჩენილა.
ქალი ყოველდღიურად აუყვებოდა ტყისპირა ჩირგვნარს, დაადგებოდა ტყისკენ მიმავალ ბილიკს, მიაღწევდა მეტყევის ქოხამდე, შეაღებდა კარს და შეაბიჯებდა, მერე კი იწყებდა იმის ლოდინს, ვინც მოვიდიდა და ვისთან ერთადაც გადააღწევდა იმ დროში, საიდანაც აღარ უნდოდა გამოსვლა.
ასე გრძელდებოდა მანამ, ვიდრე ერთხელაც იქ არ დარჩა სამუდამოდ, საითაც მიდიოდა ბილიკით, ყოველდღიურად რომ გაივლიდა მეტყევის ქოხამდე და ვეღარც ბალახსა და ყვავილებს იხსენებდა, ვეღარც მეტყევის ალერსს, აღარც თავი ახსოვდა, რადგან დაეკარგა და იმ დროს შეემატა, რომლის სახელი არავინ იცის და თანდათანობით რომ ყველას ისაკუთრებს.
მიემატები შენც, იმ დუმილს თანდათანობით,
რომელიც გაჩნდა არქაული სიკვდილის შემდეგ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი