უკანასკნელი ინტერვიუ


დაიფიცა, შობამდე ხმას არ ამოვიღებო და დამუნჯდა. შინაურებმა იცოდნენ მისი დადუმების ამბავი, ურთიერთობაც ადვილად მოეგვარებინათ. ფურცლებმა და ავტოკალამმა შეცვალა ზეპირი მეტყველება. გიომ ენა გადაყლაპა, თვალებითაც არაფერს ამბობდა, არც ხელით ცდილობდა რაიმე ენიშნებინა ვინმესთვის. იჯდა, დილიდან საღამომდე და რაღაცას კითხულობდა. თუ რამ სურვილი გაუჩნდებოდა, წერილობით ატყობინებდა ადრესატს. თაბახის ფურცელზე გაკრული ხელით დაწერდა მარტივ ან რთულ წინადადებას, იმის მიხედვით, თუ რა უნდოდა და ნაწერს უჩვეულო თანამოსაუბრეს გაუწვდიდა, რომელიც ჯერ მკითხველი იყო, ხოლო შემდეგ, როცა ხმას ამოიღებდა საპასუხოდ, მერეღა ხდებოდა მოპასუხე.
ერთ თვეში უამრავი ფურცელი გახარჯა გიომ, ფიცის დარღვევის შიშით გაუთავებლად წერდა. გაივსო ოთახი ქაღალდებით, ფურცლებზე მოფუთფუთე ასოებით. ის კი შეუჩერებლად, ხელის დაღლამდე წერდა.
გიოს საყოფაცხოვრებო ჩანაწერები, ვთქვათ ასეთი: `სიგარეტი მომიტანე”, ან `ჩაი დამალევინე”, თანდათან განივრცო და უცნაურ, მხატვრული ნაწარმოების შემადგენელ პასაჟებს დაემგვანა. თავისუფლად შეიძლებოდა გიოს ჩანაწერები რომანად ქცეულიყო, მაგრამ ის, რაც მის წყვეტილ ჩანაწერებს გაამთლიანებდა, მუდამ წერილობითი თხრობის მიღმა რჩებოდა.
ამ დილით ცოლს ასეთი რამ მისწერა: `ვცდილობ, საკუთარი თავი შევაგროვო, დიდხანს ვიფანტებოდი ზეპირმეტყველებაში, ანუ ლაყბობაში. ახლა დადგა დრო დაკარგული დროის სიტყვებად შეკრებისა. მარხვა თითქმის გაილია და ვეჭვობ, დაფიცებული დრო ვიმყოფინო საამისოდ… მაგარი ჩაი გამიკეთე, მუქი, მუქი, მუქი; უშაქრო. ბიჭს დაურეკე და გამაგებინე როგორ არის”.
გიო სახლიდან არ გადიოდა. თავს არიდებდა ნაცნობ-მეგობრებთან შეხვედრას, ვისთვის ან როგორ აეხსნა სიმუნჯის ამბავი და იჯდა სახლში. საშვებულებო განცხადება ცოლს გაატანა სამსახურში, დასტურიც იმავე დღეს მიიღო.
ერთხელაც გიოს პოპულარულმა ჟურნალისტმა დაურეკა. ყურმილი ცოლმა აიღო. ძლივს გააგებინა, რატომ ვერ შეძლებდა მისი მეუღლე ჟურნალისტთან ზეპირ საუბარს და წერილობით ინტერვიუზე დაითანხმა.
მეორე დღეს, თორმეტ საათზე, გიოს ჟურნალისტი ესტუმრა. ქალები ქაქანებდნენ, თან ყავას სვამდნენ, თან სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდნენ. გიო მაგიდასთან იჯდა გაფხორილი, რაღაცას წერდა, ქალებს ყურს არ უგდებდა, ვითომდა საოცარი არაფერი ხდებაო.
ჟურნალისტმა გიოს ორიოდე ფურცელი გაუწოდა. ფურცელზე ჩამოწიკწიკებული სამიოდე შეკითხვა მწერალმა გულდასმით წაიკითხა და პასუხების წერას შეუდგა. ჩვენთვის მხოლოდ გიოს პასუხებია ცნობილი. შეკითხვები სადღაც გაუჩინარდა, თუმცა, პასუხებში შეკითხვათა არსიც ადვილად შეიძლება ამოიცნოს დაინტერესებულმა მკითხველმა.
გიოს პასუხები:
1. ჩემი დუმილი არ არის სიმუნჯე. იგი უფრო მეტყველია, ვიდრე ზეპირმეტყველება, რადგან მე სიტყვები გავათავისუფლე ხმის ტემბრის, მიმიკის, ჟესტიკულაციის ზეგავლენისაგან. დაწერილი, გაუხმოვანებელი სიტყვები უფრო ინარჩუნებენ თავდაპირველ სიელვარეს. ვცდილობ, სიტყვას მოვაცილო შეძენილი ცრუმნიშვნელობა და, უპირველესი, შეურყვნელი არსი აღმოვაჩინო. ხმა კლავს სიტყვას ან ფარისევლობით, ანდა სხვაგვარი სიყალბით აღავსებს. სიმუნჯეში დაბადებული სიტყვა უფრო საკრალურია და გადამდები, იგი კი არ უნდა თქვას მწერალმა, არამედ უნდა ჩაიწეროს. წერითი მეტყველების უპირატესობა მის ნაკლებკომუნიკაბელობასა და, შესაბამისად, უფრო ხანგრძლივ სიცოცხლეშია. ყველაზე დიდი აუდიტორია, რომელსაც ესტრადის პოეტი შეკრებს, ოვაციებში იძირება და ტაშისცემის ექოსთან ერთად ქრება. ის, ვინც წერილობით მეტყველებს, თავის მკითხველებს უკავშირდება მაშინაც კი, როცა იგი ფიზიკურად ცოცხალი აღარაა და მისი წიგნების მკითხველთა აუდიტორია უსასრულოდ ფართოვდება დროსა და სივრცეში. სამწუხაროდ, ასეთი წარმატებით ბევრი მწერალი ვერ დაიკვეხნის, მაგრამ მე ვცდილობ ვიყო იქ, სადაც უნდა ვიყო. რა გამოვა, არავინ იცის. ეს ჩვეულებრივი თავგანწირვაა, თავგანწირვა არაა გარანტი აუცილებელი წარმატებისა.
მე წერილობით უფრო ვახერხებ ყველა დროსთან დაკავშირებას, ვიდრე ზეპირი მეტყველებით: ლაყბობით, ქაქანით, ტლიკინით, ლაი-ლაით, თუნდაც საუბრით…
2. სიყვარული… ეს ისეთი თემაა, რომელზეც შემოვლითი გზებით შეიძლება წერა; ლაპარაკი, საერთოდ, ზედმეტია. დასაშვებია, მინიშნებები და ქვეტექსტი, კონოტაცია და კიდევ ის, რასაც გულისხმობ და მალავ.
3. ხმის ამოღებას არ ვაპირებ, არც პირის ამოკერვაზე ვოცნებობ. ვცდილობ, ტექსტში გავიბნე, ჩავიძირო, იქ ვიცხოვრო. . .
. . . ცოლმა ჟურნალისტი გააცილა. კარგა ხანს კართან საუბრობდნენ. გიო მაგიდასთან დატოვა, რომ დაბრუნდა, ქმარი შინ არ დახვდა. სად არ ეძება, კარადაში, როიალის ქვეშაც შეიხედა, მაგრამ ვერსად იპოვა. შვილსაც დაურეკა, შვილმა პოლიციას შეატყობინა. მაღალჩინოსანი პოლიციელი მხრებს იჩეჩავდა: არ გამიგია, სახლიდან გაუსვლელად კაცი საკუთარ ბინაში გაუჩინარდესო.
ერთი თვის თავზე, როცა ცოლს იმედი გადაეწურა, ქმრის ხელნაწერების შეკრება დაიწყო, გვერდების მიხედვით ალაგებდა. რამდენიმე დღეში, როგორც იქნა, მორჩა ამ მომქანცველ საქმეს. როცა ბოლო ფურცელს აბინავებდა საქაღალდეში, მისი ყურადღება იმ უკანასკნელმა წინადადებამ მიიპყრო, სამი ძახილის ნიშნით რომ მთავრდებოდა: – მე აქ ვარ, სხვაგან ტყუილად მომძებნით!!!
ცოლმა უშველებელი საქაღალდე განასკვა და ტახტზე კი არ დადო, ფრთხილად დაასვენა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი