ჩიჩილაკი
აღარ ბრაზობს, როცა რეგვანოს ეძახიან. ნამდვილი სახელი იმდენად გადაავიწყდა, რომ თუ ვინმე მოიხსენიებს, ერთხანს გაკვირვებული შეჰყურებს. მერე თანდათან ხვდება _ `ეს ხომ მე ვარო?~ და უცნაური მოკრძალება ეუფლება, თანამოსაუბრეებსაც განსაკუთრებული სერიოზულობით უსმენს. მშვენივრად იცის, რატომ შეარქვეს რეგვანო, მაგრამ დღემდე ვერ მიმხვდარა, ვინ გადააკეთა ქართული სიტყვა `რეგვენი~ რეგ-ვანოდ ან რა საერთო აქვს მის პიროვნებას სირეგვენესთან. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, თუ ვინმე მის საძმაკაცოში იკითხავს _ ვანო სად არისო, აუცილებლად ჰკითხავენ: რეგ-ვანო?! თვითონაც შეეჩვია, შეეგუა. თუ რეგ-ვანო-ს არ დაუძახებ, შეიძლება თავდაპირველად ვანო სხვისი სახელიც ეგონოს. ტაქსის მძღოლად რომ დაიწყო მუშაობა, უამრავი ძმაკაცი გაიჩინა, უქმეები დომინოს თამაშსა და გარაჟთან ქეიფში გაჰყავდა. რეგვანო მეტად გულუბრყვილო, უეშმაკო და გულკეთილი ვინმე იყო. ერთ-ერთი ქეიფისას, ღვინო რომ მოეკიდა, საღერღელი აეშალა და თავისი სიყვარულის ისტორია უამბო თანამეინახეებს; დიახ, `სიყვარულის ისტორია~ და არა ამბავი, არც სასიყვარულო თავგადასავალი. რეგვანოს ნაამბობი: `პირველ წიგნს, მე რომ წავიკითხე, `ოქროს გასაღები, ანუ ბურატინოს თავგადასავალი~ ერქვა. ჩემი პირველი სიყვარულის ისტორიაც აქედან დაიწყო. თავი პიერო მეგონა და წიგნის მალვინა სიგიჟემდე მიყვარდა. ვცდილობდი, პიეროსავით ლექსები მიმეძღვნა ცისფერთვალება, ქერათმიანი მალვინასათვის, მაგრამ არაფერი გამომდიოდა. მეოთხე კლასიდან მეათე კლასამდე იმდენჯერ წავიკითხე ბურატინოს თავგადასავალი, რომ წაკითხვა აღარ მჭირდებოდა, მთელი წიგნი ზეპირად ვიცოდი. ვფიქრობდი, პიერო რომ მერქვას, მალვინას იოლად ვიპოვიდი-მეთქი. მთელი ჩემი ცხოვრება ამ წიგნშია აღწერილი და პიერო რატომ არ უნდა მერქვას. ვინმეს რომ გავიცნობდი, ჩემს ნამდვილ სახელს _ ვანოს _ წინ პიეროს წავუმძღვარებდი: პიეროვანო. მოგვიანებით _ ვანო _ თანდათან გადამავიწყდა და ის სახელი შემიყვარდა, რომელსაც არავინ მეძახდა. მე პიერო უფრო ვიყავი, ვიდრე ვანო, მაგრამ არავის ესმოდა ჩემი. ჰოდა, მეათე კლასში რაღაც შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში. წიგნის მალვინა კი არსებობდა, მაგრამ მოვინდომე ცოცხალი მალვინას პოვნა, რომელსაც მოვეფერებოდი, გულს გადავუხსნიდი, კინოში წავიყვანდი. ასე რომ, მხოლოდ ოცნება აღარ მაკმაყოფილებდა და ჯიუტად განვაგრძობდი მალვინას ძებნას. ჩვენს კორპუსში, მეშვიდე სართულზე, იქ, სადაც ქურთი ზინა ცხოვრობდა, ახალი მეზობლები გადმოვიდნენ. ზინამ ოთხოთახიანი ბინა ნახევარი წლის წინ გაყიდა და თვითონ შვილებთან ერთად გლდანში გადაბარგდა. ნამდვილ მალვინას, ჩემს ახალ მეზობელს პირველად ლიფტში შევხვდი. ქერაკულულებიანი და ცისფერთვალება გოგო რომ დავინახე, კინაღამ გული წამივიდა, მუხლი მომეკვეთა და ესღა გავიფიქრე: დიდება შენდა, ღმერთო, რომ ოცნება ამისრულე, მალვინა წიგნიდან გამოიხმე და გამიცოცხლე. მე შენთვის მეტი არაფერი მითხოვია-მეთქი. იმ დღიდან მთლიანად შეიცვალა ჩემი ცხოვრება. ვის რას გამოვაპარებდი, გამოლენჩებული სახით ვაშტერდებოდი მალვინას და ეს ამბავი მალე მთელმა სამეზობლომ გაიგო. მაშაყირებდნენ, ხან მაგულიანებდნენ კიდეც: მიდი, ბიჭო, რამე უთხარიო. რამდენჯერმე დავაპირე კიდეც გავცნობოდი, გამოვსაუბრებოდი, მაგრამ შენც არ მომიკვდე, მივუახლოვდი თუ არა, მუხლი მეკვეთებოდა და ენას პირში ვეღარ ვაბრუნებდი. ერთხელ მალვინას ლიფტში გადავეყარე. ძალა მოვიკრიბე და პირველი სიტყვა ამოვიკნავლე: მალვინა, იცი… მალვინამ, რომელსაც მშობლები რატომღაც ციცოს ეძახდნენ, გამიშალა და სილა გამაწნა, თან წვრილი, ნემსივით წვრილი ხმით შემომწრიპინა: შენ გამომიგზავნე ის უწმაწური ლექსი?! ვიდრე გონს მოვეგებოდი, ლიფტის კარი გაიღო და მალვინა, ანუ ციცო, ფაცხაფუცხით გავარდა. როგორც შემდეგ გაირკვა, ჩემი სახელით მეზობელს, უნივერსიტეტის სტუდენტს მალვინასთვის, ანუ ციცოსთვის, ასეთი ორსტრიქონედი გაეგზავნა: ნეტავი, ჩემო მალვინა, მე შენში დამამალვინა თვითონ გამომიტყდა, თან შემაგულიანა, აზრზე მოდი, ბიჭო, რომანტიკას შეეშვიო. გადავწყვიტე, სტუდენტი მეცემა, შემოვარტყი კიდეც, მაგრამ რად გინდა, ცხვირიდან სისხლი მადინა, წამაქცია და ფეხით შემდგა… ზოგჯერ მეშვიდე სართულის ფანჯრებისკენ იმ იმედით ვიხედები, რომ მალვინას კულულებს მოვკრა თვალი, საშობაო ჩიჩილაკივით რომ ანათებს. მას მერე მრავალი წელი გავიდა. ახლაც მიყვარს. ყოველ შობას მოზრდილ ჩიჩილაკს ვყიდულობ და ფანჯრის რაფაზე ისე ვდგამ, რომ ქვევიდან, ეზოდან დავინახო. ჩიჩილაკი მალვინას კულულუებს მაგონებს, მის სახესაც წარმოვიდგენ და უცნაური ბედნიერება მეუფლება. დანამდვილებით არ ვიცი, რომელი უფრო მიყვარს _ წიგნის მალვინა თუ ჩემი ნამეზობლარი, აწ გათხოვილი მალვინა-ციცო. ან რა მნიშვნელობა აქვს, რომელია უფრო ნამდვილი, მთავარია, რომ მიყვარს.~ P.S. რეგ-ვანო-მ, როგორც იქნა, შეაჩერა ტაქსი `დინამოსთან~, ჩვეულებისამებრ იყიდა ჩიჩილაკი, მანქანაში სათუთად მოაყუჩა და შინისაკენ გასწია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი