წერილი მოკითხვამდე (დაბრუნება)


ეძღვნება უფალს,
დაკარგულ მიწებს,

და არა მარტო...

1
მიწას, რომელზედაც დავდიოდით,
აღარ ახსოვს ნაფეხური ჩვენი.

მუდამ კვალის ილუზიას ვტოვებდით.

2
იქიდან წამოსული ქარები
ყოველ თებერვალს ატყავებენ ამ ხეებს.

გვაჯერებენ, ხეში წყალი ჩადგაო,
წყალი თვითონ ჩვენ ჩაგვიდგა მუხლებში.

3
მოსულები ამბობენ,
რომ არაფერია სათქმელი,
დამხვდურები ვსაუბრობთ დასასრულებლად -

კვირიდან აღდგომამდე.

4
მითი გვიყვება,
რომ სამოთხის პირველსახე აქ იყო,
მერე ცაში გადაიტანესო.

გადატანითი-მნიშვნელობით-ღმერთი-დუმს.

5
უფრო მეტჯერ ვლოცულობთ,
ვიდრე ვსუნთქავთ.
დაბრუნებას ვხედავთ დახუჭული თვალით.
მეორეზე ცრემლს ვიხოცავთ.

სამყარო ტაძარში იმალება.

6
მეფეს ჯერა დაბრუნების.
მისი სიზმრების გადმოხატვას
რახანია უშედეგოდ ცდილობენ
გარდაცვლილი მხატვრები.

შედეგს მედიტირებისას ჩაეძინა.

7
დედოფალზე ვერაფერს ვიტყვით,
ის უკვე გააბახეს.
ბახმა, რა ჩემი ბრალიაო?!

ბეთჰოვენი ისევ ყრუა...

8
იქაური ბავშვები გვეძახიან "სხვებს".
რაღა-ცათა გაგრძელებას წარმოვადგენთ,
ბოროტებამ თვალები რომ ამოუგდო ბუდიდან.

სათნოების ბუდეში ვართ შეყუჟული.

9
აქაური ბავშვები მათ "ძმებს" აღარ უწოდებენ.
მოვხუცდით უკვე,
ბავშვობასთან ვეღარ ვმეგობრობთ.

ჩვენი მომავალი - ჩვენი მტრის მეგობარია.

10
ახლა ხიდზე ვთამაშობთ
და შიშის წყალში ვცვივდებით,
ენას აღარ ვყლაპავთ ოღონდ.
წყალი თევზებს ყლაპავს შიშისაგან.

შიმშილს წყურვილით ვ(ი)კლავთ დღესაც.
სული აგვიწყალდა...

11
მაყვლის ბუჩქს აღარ ეკიდება ცეცხლი...
ჩვენ დავდივართ შენს სხეულზე, უფალო,
სხეული შენი ნიშნავს დაბრუნებას.
დაგვაბრუნეთ იქ,
საიდანაც არ მოვსულვართ.

გრაგნილები გვიყვებიან ზღაპარს
თანაცხოვრების ისტორიაზე.

12
"იმედები აკეთებენ მეტანიებს,
და ვპატიობთ მათ გაცრუებას".
ბოლო წერილია გამოღმიდან.
ჩვენ ყოველთვის ვწერთ ერთმანეთს,
არასოდეს ვაგზავნით ოღონდ.

............
გრძნობები წინადადებაში ასრულებენ არსებობას
............

მიწას, რომლადაც გადავიქეცით,
მოაგონდა ნაფეხური ჩვენი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი