ტყუილების წვიმა


აპრილის თვე დამდგარიყო,
ყინვა-სუსხი გამქრალიყო.
ხის ქვეშ ორი ქოსატყუილა
გუდა-სტვირით დამჯდარიყო.
ირგვლივ ხალხი ხარხარებდა:
- ფერი ფერსა, მადლი ღმერთსო!
ტყუილების წვიმა მოდის,
ნეტავ სულ ნუ გადიღებსო!
- ცხრა ზღვა, ცხრა მთა გადავლახე,
დღემდე ქვეყნად რა არ ვნახე!
ერთ მზეწვია ჩიტს ნისკარტით
მზე დაჰქონდა მოჩახჩახე.
- მე კი ერთი ქალი ვნახე,
თავშალს ქსოვდა ღრუბლის ფთილით...
- ტყეში ერთი მუხა იდგა,
გამოესხა კრუხ-წიწილი.
ხოდაბუნში მივდიოდი,
გავიხედე, რასა ვხედავ:
კაცი კურდღელს ზურგზე აზის,
დააჭენებს გასახედნად.
- ამას წინათ, წვიმის შემდეგ,
მგზავრი შემხვდა ათიოდე,
ცისარტყელას ბილიკებით
მეცხრე ცაზე ადიოდნენ...
- ეგ რა არის! ერთხელ, ძმაო,
ვნახე, მაგრამ, ო, რა ვნახე!
დიდ მინდორში ვეშაპების
ფარა იდგა მობალახე!
- იმ დღეს ლხინში დამპატიჟეს,
სუფრა ჰქონდათ საოცარი:
დიდი ტორტი მოგვიტანეს,
თოვლის ფიფქით გამომცხვარი.
მახსოვს, ერთხელ რძის მდინარე
გადავცურე ყველის ნავით,
თან გზადაგზა კარაქს ვდღვებდი,
ვიყავ მართლაც სანახავი.
ერთი კვირა გზას მოვუნდი,
ვჭამდი, ვსვამდი, უქმად ვეგდე,
ა, ხომ ხედავ რამოდენა
ღიპი დამაქვს იმ დღის შემდეგ!
- ნავით ერთხელ მეც ვიმგზავრე
და ერთ კუნძლს მივადექი,
მტრისას, იქ რაც დავინახე!
წინ გავვარდი კისრიტეხით.
იმ კუნძულზე ოდითგანვე
წესი ჰქონდათ იმისთანა:
ზამთარ-ზაფხულ დიდ-პატარას
უნდა ევლო ტიტლიკანა.
ძველ წესს არვინ ღალატობდა,
ასრულებდა მკაცრად ყველა,
მე რომ მნახეს, გამომიდგნენ
ტანსაცმელის გასახდელად...
- ეგ რა არის! ერთ ქალაქში
ვიყავ გასულ შაბთ-კვირას,
იქაური მცხოვრებლები
დადიოდნენ თავდაყირა.
- ერთხელ ერთი წყარო ვნახე,
ვინც დალია, ყველა დათვრა,
მაჭარწყალა შეერქმიათ,
რადგან მაჭრის იყო მართლაც...
- იმ წელს ტყიდან ვბრუნდებოდი,
ვხედავ, ჩემსკენ მორბის ბაღი,
მოვიდა და გავიხარე,
ჩემს წინ ფშვინავს ირემლაღი.
გაფოთლილი რქები შვენის,
ზედ ასხია მწიფე ვაშლი,
ბევრი ვჭამე და დავჩირე,
ახლაც ყრია კიდევ სახლში.
- გახსოვს ზვავი რომ ჩამოწვა
და ჩამკეტა გაღმა სოფელს?
უცნაური ხალხი შემხვდა,
მეტისმეტად გამაცოფეს:
ადათი გვაქვს ასეთიო,
შეგისრულებთ, აქ თუ დარჩი,
გაჭმევთ, გასმევთ, ოღონდ ღამე
კვერცხზე დაგსვამთ საბუდარში.
რას ვიზამდი, ძლივს დავთანხმდი,
რა გზა მქონდა იმ ზამთარში?!
წიწილები კი დავჩეკე,
მაგრამ სირცხვილს ძლივს გადავრჩი.
- ჩვენი სოფლის სერზე ვიდექ,
წამოვიდა მაღლით ძერა,
თურმე ბაჭია ვეგონე,
შიშით გული ამიძგერა.
არიქა-თქო და შინისკენ
გზისპირს გავყევ ყანა-ყანა,
მაგრამ მაინც გამიტაცა
და ბარტყებთან მიმიყვანა.
იმათ ძლიერ მოვეწონე,
ნუ შევჭამთო, უთხრეს დედას;
ვართობდი და ვაცინებდი,
ჰოდა, რაღა მოაწყენდათ!
რაც აქ მაკლდა, იქ ვეღირსე,
თბილად ვეჯექ ბარტყებს გვერდით,
სუფთა ჰაერს ვსუნთქვდი და
სულ წიწილებს მივირთმევდი.
- მე ისეთი რამ შემემთხვა,
ეს აქამდეც უნდა მეთქვა,
ერთ ქალაქში ვსეირნობდი,
წამოვიდა გოგრის სეტყვა.
ხეები და შენობები
იქცა ირგვლივ ნამცეცებად,
ვყვირი, ვჭყივი: - ვაი! ვაი!
გოგრა თავში დამეცემა!
მაგრამ, არა... დღემდე მიკვირს,
ნეტავი რა მაშინებდა,
ხომ ვიცოდი, ის ქალაქი
იყო უჩინმაჩინელთა.
წინადღეს რომ ფხვნილი მასვეს
და ჩამიტკბეს შაქრით ყელი,
მეც მათსავით გავმხდარიყავ
თურმე უჩინმაჩინელი...
- მე და ჩემი მეგობრები
ქარიშხალშიც მოვხვდით შარშან,
ცაში დიდხანს გვატრიალა,
ფოთლებივით გვათამაშა.
როცა ჩადგა, როგორც იქნა,
და მოვითქვით ოდნავ სული,
ვხედავთ, მაგრამ რასა ვხედავთ,
ღრუბელზე ვარ დასკუპული!
ის ღრუბელი სეტყვის იყო,
ტრიალებდა სოფლის თავზე,
უცებ ჭკუა მოვიხმარე,
ასეთი რამ მოვისაზრე:
ზედ კოცონი გავაჩაღეთ,
წამსვე წვიმის ჩქერად იქცა,
იმ ჩქერს ცურვით ჩამოვყევით,
დავუბრუნდით დედამიწას...
- ეგ ამბავი, ჩემო ძმაო,
კარგად მახსოვს, როდი ვდაობ,
მაშინ სოფლად ხმა დაირხა:
ხალხის წვიმა მოვიდაო!
თქვენ რომ ციდან მოცვიოდით,
მე არ დაგხვდით დაბლა თივით?
თორემ რას გადარჩებოდით,
დასკდებოდით კვახებივით.


ცხრათვალა მზე პირს იბანდა,
თან შავ ღრუბლებს სცემდა ლახვარს.
ხის ქვეშ ორი ცრუპენტელა
ტყუილს თხზავდა ახალ-ახალს.
ირგვლივ ხალხი ხარხარებდა:
- ფერი ფერსა, მადლი ღმერთსო!
ტყუილების წვიმა მოდის,
ნეტავ სულ ნუ გადიღებსო!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი