ჯადოსნური მაგიდა


სამასპინძლოდ მოგელით,
გაშლილი გვაქვს მაგიდა,
ყველა დროის ხილია,
სულო, გულო, რა გინდა!

აქეთ ვაშლი შაქარა,
იქით - მსხალი გულაბი,
სასუსნავიც ბევრია -
ბალი, შინდი, უნაბი.

რაზედ მორცხვობს ატამი?
ცალი ლოყა ასწვია,
ხელგობზე რომ აწყვია,
დათაფლული მარწყვია.

ქარვისფერი ყურძენი
დევს ლარნაკზე სათუთად,
იწვის სავი მაყვალი,
ბოლავს თეთრი ხართუთა.

უჰ, რა კარგი ნესვია!
მნახველს სუნით დაათრობს,
აგერ კომში ბაქია,
ეტოქება საზამთროს.

ლალისფერი მძივებით
რამ აავსო ჯამ-თასი?
პირაღია ბროწეულს
გახევია ატლასი.

გავქრებიო, იძახის
ლეღვი, შიშით გამდნარი
და სქელ სამოსს შენატრის
ფორთოხალს და მანდარინს.

აბა, ჩქარა, მოგელით,
გაშლილი გვაქვს მაგიდა,
აირჩიეთ, მიირთვით,
სულო, გულო, რა გინდა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი