ვანო


ტირის ბიჭი ვანიკო,
მთელი ბაღი აიკლო,
ესევიან ბავშვები:
- ჩვენს ბაღში თუ დარჩები,
წამით აღარ მოიწყენ
ისე გეთამაშებით!
ზოგმა ცხენი აჩუქა,
ზოგმა კიდევ - მანქანა,
ბიჭი მაინც ბუზღუნებს:
- არ დავრჩები აქ, არა!
- კარგი, ვანო, დაწყნარდი, -
ეფერება აღმზრდელი, -
სად გინახავს, მითხარი,
სათამაშო ამდენი!
რასაც ხედავ ამ ბაღში
ყველაფერი შენია,
სახლში მინდა, სახლშიო,
სახლში რა დაგრჩენია?!
აი, შეხე ამ ბიჭებს,
შენი მეგობრებია! -
ბიჭმა აღმზრდელს მიუგო:
- სახლში დამრჩა ბებია! -
ვანო-ბიჭის პასუხზე
გაიცინეს ბავშვებმა:
- ბებოც ბაღში მივიღოთ,
მაშინ ვანოც დარჩება!	

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი