როგორ ასწავლა ჭიანჭველამ სამამდე თვლა ჭიანჭველაჭამიას


შესთხოვს წრიპა ჭიანჭველა
ჭიანჭველაჭამიას:
- მუხლმოყრილი გევედრები
ჯერ ნუ შემჭამ, ძამიავ!
სხვა დროს ალბათ შენი ნახვა
არც კი შემაშინებდა,
მაგრამ აბა, რა ვქნა ახლა
პური მიმაქვს შვილებთან...
გთხოვ, ამ გზიდან მომეცალე,
შინ რომ სწრაფად გავვარდე.
ვფიცავ, ვიდრე სამს დაითვლი,
აქ გავჩნდები მანამდე. -
დააკვირდა ჭიანჭველას
ჭიანჭველაჭამია
და რას ხედავს: ამ ნამცეცას
მართლა პური არ მიაქვს?!
პური, მაგრამ რამოდენა?!
დასცქერის და არ სჯერა.
ეს რა მარჯვე ყოფილაო,
დაელოცოს მარჯვენა!
უთხრა: - კარგი, შენს პატარებს
მიუტანე საჭმელი,
მე კი, როგორც შემითანხმდი,
არსად წავალ, აქ გელი. -
ჭიანჭველა შეეფარა
ბუჩქებს ფოთოლნამიანს.
- ერთი ! - ძლივსძლივს ამოღერღა
ჭიანჭველაჭამიამ.
ერთი კი თქვა, მაგრამ მერე,
მერე რა თქვას, არ იცის,
ერთის შემდეგ მწკრივში რომ დგას
რომელია, რა რიცხვი?
ზის და ისევ გაიძახის:
- ერთი! ერთი! ერთიო! -
ერთი სიტყვით, მიკარნახეთ,
თორემ ისე ვერ ვთვლიო. -
ის წრიპა კი, დროულად რომ
გამოვარდა ბუდიდან,
კარგა ხანი იდგა მის წინ
და განაჩენს უცდიდა.
მეტისმეტი სიბრაზისგან
ბოლოს ისე აენთო,
შეუძახა: - არ გრცხვენია,
თავს როგორ ჰყოფ გარეთო?!
ამოდენა აყლაყუდამ
თვლა არ იცი სამამდე!
მე მოვედი, ჩემს ვაჟკაცურ
სიტყვას არ ვუღალატე,
შენ კი, თითქოს არაფერი,
ჭიანჭველაჭამიავ,
უსაქმურად მაყურყუტებ
აგერ სამი წამია!
დაითვალე სამამდე და
მორჩი საქმეს საგმიროს.
ხედავ უკვე მზე რომ ჩადის,
ნიავმა არ დაგგრილოს!
- უჰ, რას ამბობ! - ძირს დაემხო
ჭიანჭველაჭამია, -
- ვიდრე მართლა გადაგყლაპავ,
ჭიანჭველავ, ძამიავ,
სამამდე თვლა შემასწავლე,
გეხვეწები ძალიან,
თორემ მერე ვინ მომხედავს,
ჩემთვის ვისა სცალია! -
ჭიანჭველამ უთხრა: - გატყობ,
მთლად სულელი არა ხარ.
და თუ გინდა, თვლა გასწავლო,
ყური კარგად მომაპყარ.
„ერთი“ იცი, მაგრამ მაინც
რომ არ გადაგავიწყდეს.
დაიხსომე ჩემი სიტყვა,
როცა დათვლას დაიწყებ.
გაიხსენე ხოლმე სწრაფად
ერთი რა გაქვს კისერზე.
მიპასუხე, რად აცმუკდი,
აქეთ-იქით ვის ეძებ?
ჩემო ძმაო, ვატყობ პასუხს
ნაჩვევი ხარ კარნახით.
კისერზე გაქვს ერთი თავი,
ერთ გროშად რომ არა ღირს! -
ჭიანჭველაჭამია ხტის,
თან ხმამაღლა ქაქანებს:
- ერთი თავი რომ მქონია,
არ ვიცოდი აქამდე! -
ჭიანჭველა კვლავ არიგებს
თავის შეგირდს გოლიათს:
- ესეც კარგად დაიხსომე,
ერთის შემდეგ ორია!
აბა, ახლა უკარნახოდ
თუ მიხვდები? - აქეზებს. -
ორი რა გაქვს მაგ გოგრაზე,
უფრო სწორედ სახეზე?
- ორი რა მაქვს? - ღრმად ჩაფიქრდა
ჭიანჭველაჭამია, -
ცხვირი? არა! პირი? არა!
ორი თვალი, ძამიავ!
- კიდევ? კიდევ? - ჭიანჭველა
არ ეშვება ადვილად.
- ორი ყური!
- ყოჩაღ! ყოჩაღ!
დაჭკვიანდი ნამდვილად! -
მერე უთხრა: - ამ მცენარეს
დააკვირდი, ძამიავ.
შენ ორი გაქვს ყური, არა?
სამყურას კი სამი აქვს.
- ვაშა! - უცებ ტაში დასცხო
ჭიანჭველაჭამიამ, -
ეგ არის და სამამდე თვლა
უკვე შემისწავლია!
- ერთი! ორი! - მიაბიჯებს, -
ერთი! ორი! სამიო!
მჯერა, მალე მეც გავხდები
ნაღდი ხუთოსანიო! -
უკან წრიპა აედევნა
და გზადაგზა წრიპინებს:
- სად მიდიხარ, გოლიათო,
შეჭმას აღარ მიპირებ? -
მზის ჩასვლისას მწვანე მოლზე
ცვარ-ნამს გააქვს ციმციმი.
ჭიანჭველაჭამია შინ
მიხტის სიცილ-სიცილით
და პასუხობს ჭიანჭველას:
- ეგ მე აღარ შემფერის.
აბა, როგორ გავიმეტო
გამრჯე კაცი შენფერი,
თანაც ჩემი მეგობარი,
ჩემი მასწავლებელი?!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი