ასოხატულა კუნწულები
არჩევანი, არადანი. ალამს ახვევს ალამდარი. ამ მიწის და ამ ცის დარი არის სადმე? - არსად არი! ბილიკ-ბილიკ ბურტყუნებს ბრიყვი ბელი-ბელუკა - ბანით ვჯობნი ბულბულებს, ბეჭებით კი - ბერმუხას! გუგუ-გუგუ! - გუგულმა, გულჭრელათა გვარისამ, გამარჯობა გვისურვა, გული გაგვიხალისა. დიდი დათვი დრუნჩიანი, დუდღუნა და დანდალაო, დილით ადრე წამომდგარა თაფლის ჭამით დამთვრალაო. დამთვრალა და და, და, და! რა დიდგულა გამხდარაო! ენაჭიკჭიკა ელენე ექვს სტუმარს ერთად ელისო: ეკუნას, ელდარს, ექვთიმეს, ევას, ემზარს და ელისოს. კედელ-ჭერს სწვდება სურნელი სველ-სველი ენძელებისო. ვანის ველზე ვენახი გვაქვს ვბარავთ, ვმორჩნით, ვწამლავთ, ვყელავთ. ვერვისნ გვჯობნის სწავლაში და ვაზის მოვლაც ვიცით ყველამ. ზარი ზანზარებს უზარმაზარი, ზარმაც ზაზუნას დასცა თავზარი. თრიალეთის მთათა კალთებს თავზე მთვარე დაჰქათქათებს. თეთრ თელასთან ფთილაა თუ თეოს თეთრი თრითინა თვლემს. იისფერი ივნისის ცა ისევ ბრწყინავს მზით გიზგიზა. ივრისპირა იალაღზე იფნის ისრებს ითვლის იზა. ვის მიართმევს, იცით, ვისა? ციცქნა ბიჭსა ირაკლისა. კუტკალია სკუპი-სკუპა კვლავ გაჰკივის კარდაკარა: - კალიეთის მკალავი ვარ, საკორკოტე ქვაბ-კასრს ვკალავ. ლომმა დაღლილი თვალი მილულა, სველ ლელიანში სულს ლევს გმირულად. მელამ მოგაგნო, მამალო, მურას მოუხმე მალეო! მანამ მშველელი მოგივა, მაყვლნარში მიიმალეო. ნამნაპკური ნანას ყანა ტანს იმშვენებს თანდათანა, ნიავს ნაზად მინდობილი ისმენს ნარნარ იავნანას. ოქროსფრად მორთულ ოქტომბრის ბოლოს, ო, როგორ უხმობს ოლოლი ოლოლს! პაპანებაში ტყის პირას პავლიას პაპამ პაპუნამ პილპილს, პრასას და პამიდორს აპკურა შხაპი შხაპუნა. ჟოლოს ჟვერიდან ჟინჟღლი ჟონავს. ჟანგისფერ ჟირაფს შეაჟრჟოლა. რაშს მათხარი გადავკარი, ნაპერწკლები გადმოჰყარა. წინ გავარდა, როგორც ქარი, მაქრიალა შარა-შარა. სოსო ასე რას ხალისობს? დღეს სურვილი აისრულა. საგანგებოდ შეუკერეს სამაისო მაისურა. ტირის მარტი, გულს უკლავს შინ ჩაკეტილ პატარებს. ტატას ბატი ფარფატა ტალახ-ტალახ ტანტალებს. უმაძღარა ღრუტუს უჩა უნაბს უყრის ბღუჯა-ბღუჯა. ფრათაფოფინა ფარშავანგი ფანტავს ფერად ფერებსაო. ფრინველეთის დედოფლობას ფრიად შეიფერებსაო. ქარი დაჰქრის ბაქი-ბუქით, ქოხში გაქრა ჭრაქის შუქი. მაინც არ კრთის ციცქნა შუქრი, თავს ეფრქვევა მთვარის შუქი. ღობის თავზე ვეღარ ვხედავ ღუდღუდელა ღოღნაშოსა! - ოღროჩოღრო ღელის გაღმა შეღრუტუნა ღორმა ღორსა. ყანჩა-ყუტა აყლაყუდა რიყე-რიყე წალაყუნდა. აყიყინდნენ ბაყაყები: - გადაგვყლაპავს ბაყბაყდევი! შარიშურა შინდიანში შტოზე შეჯდა შვიდი შაშვი. შეეხვეწა შაქრო შიოს: - შვილო, შურდულს შეეშვიო! ჩუმად გამცალა ყვანჩალამ, ჩარდახში არა დამრჩა რა... ჩირი, ჩურჩხელა, ჩამიჩი, ჩანთით შინ წააჩანჩალა. ცივი ცვარი ცივა ციდან, სცივა, სცივა ციდა ცინდალს. ცხიკ და ცხიკო! - აცემინებს ციცქნა ცხვირი გაუცივდა. ძეძვის ძირს მიძინებულმა ძლივს გაიღვიძა ენძელამ. ძოწისფერ მზეზე პატარძალს ძილი უთუოდ ეძნელა. წვიმიანში გაწეწილი წისქვილის წინ წუხს წიწილი. - წია-წია! - მწარედ წივის წნორის წკნელზე წაჰკრა წვივი. ჭინჭრებშუა ჭივჭავები ჭანჭურს ჭამენ ჭიანაჭამს. ჭრიჭინები გაჭყეპილან, ჭინჭილებით სვამენ მაჭარს. ხევ-ხევ ხერხი მოცუხცუხებს, აცახცახებთ ვერხვებს, მუხებს. ჯანსუღმა და ჯმუხმა ჯარჯიმ ჯადოქარზე გაიმარჯვეს. ჯახაჯუხი აღარ გააქვს ჯოხის ხმლებს და აბჯარ-ხანჯლებს. ჰარლალალე! ჰერი, ჰერი! - ჰასან, ბიჭო, რა ჰანგს მღერი? - ამ ჰანგს ჰქვია მშობლიური, ჰოდა, მიყვარს, ვით ჰაერი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი