კირკიტელა კაკალი
მსურს მოგითხროთ ამბავი არცთუ ისე ახალი, გზაზე ვნახეთ კაკალი, კირკიტელა კაკალი. მწვანე ჩენჩო ტანიდან ახლად ჰქონდა ამძვრალი, მზეზე იყო დამწვარი კირკიტელა კაკალი. ვერას გავხდით კბილებით, იყო მეტად მაგარი, ქუსლიც ვურტყით, არ გატყდა კირკიტელა კაკალი. ქვით გვინდოდა დამსხვრევა, გაგვისხლტა და გაგვექცა. ჭიანჭველის ციხე-კოშკს ეძგერა და დალეწა. სახლში როცა მივედით, იქ ფილთაქვა დავკარით, გადაგვიტყდა ფილთაქვა, მთელი დარჩა კაკალი. ურო ვთხოვეთ მჭედელსა, რკინის ურო ვეება. ვთქვით: - კაკალო, კაკალო, ამას უნდა შეება! - ავწიეთ და დავარტყით, დავულეწეთ ცხრა კარი, ერთიანად დაიმსხვრა კირკიტელა კაკალი. ეს მითხარით, ამბავი თუ გსმენიათ ამგვარი? მთლად ფუტურო გამოდგა კირკიტელა კაკალი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი